„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს უნდა ესმოდეთ, რომ როდესაც ისინი თავს ესხმიან ამერიკის ელჩს, ისინი ესხმიან თავს ამერიკის პრეზიდენტსა და ამერიკის მთელი მთავრობის წარმომადგენლებს“, – ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორი დევიდ კრამერი „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას.
„ელჩი საუბრობს კრიტიკულად, როგორც საქართველოს მეგობარი, მაგრამ ის ასევე წარმოადგენს ამერიკის მთავრობას. „ქართულმა ოცნებამ“ კი მისი კრიტიკისა და მასზე თავდასხმის ნაცვლად მკაფიოდ უნდა დაინახოს, ვინაა მისი მტერი. ეს ნამდვილად არ არის ამერიკა ან მისი ელჩი”, – აცხადებს დევიდ კრამერი.
ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს მმართველი გუნდისა და სულ ცოტა ხნის წინ მისგან გამოყოფილი დეპუტატების მხრიდან ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ არაერთი კრიტიკული განცხადება გაისმა. ელჩს რამდენჯერმე მოუხდა იმის განმარტება, რომ სრულიად აბსურდულია შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაზე ან ამის მსურველი ძალების მხარდაჭერაზე საუბარი.
დეგნანმა მის მიმართ კრიტიკულ წერილს „ტყუილებითა და კონსპირაციებით სავსე“ უწოდა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დეგნანის პასუხი შეაფასა და თქვა, რომ ელჩის რეაქცია იყო „დასანანი და პარლამენტისთვის და სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი”. დეგნანმა ამ „პასუხის პასუხის“ შემდეგ, საქართველოს მთავრობას ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა.
„ის, რომ ამერიკა საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს, სრული აბსურდია. არავის სურს, რომ ომის მასშტაბი გაფართოვდეს და საქართველო ან რომელიმე სხვა ქვეყანაც მოიცვას. ამავე დროს, ძალიან უხერხულია იმის ნახვა, რომ საქართველოს მთავრობა და „ქართული ოცნება“ აკრიტიკებს უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს იმაზე მეტად, ვიდრე რუსეთის მთავრობას“, – ამბობს კრამერი.
მისი აზრით, ამერიკის ელჩსა და დასავლელ პარტნიორებს „ქართული ოცნება“ ამ დრომდეც აკრიტიკებდა, თუმცა ახლა, როგორც ჩანს, „რიტორიკა მძიმდება“:
„ვფიქრობ, ეს ასახავს საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში არსებულ ძალიან შემაშფოთებელ ტენდენციას, რომელიც ნამდვილად ფსკერს აღწევს. მე მაწუხებს ის, რომ „ქართული ოცნების ოფიციალური“ პირები ვერ აანალიზებენ, რომ ამერიკა მათი საუკეთესო მეგობარია და ამერიკის ელჩზე თავდასხმა ერთდროულად ძალიან შეუფერებელი საქციელიცაა და ძალიან არაგონივრულიც“, – მიიჩნევს კრამერი.
მისივე აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიაზროს, რომ ბევრი მისი ქმედება ბოლო დროს არასწორი მიმართულებით ვითარდება და პრობლემები არა ამერიკის ელჩში, დასავლელ ანალიტიკოსებში ან სხვებში უნდა ეძიოს, არამედ მიხვდეს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია გამოხატავს საქართველოს ბევრი უცხოელი მეგობრის შეშფოთებას.