ახალი ამბები

კოალიცია: გვარამიაზე სააპელაციოს გადაწყვეტილებას შეუძლია ხელი შეუწყოს ევროინტეგრაციას

19 ივლისი, 2022 •
კოალიცია: გვარამიაზე სააპელაციოს გადაწყვეტილებას შეუძლია ხელი შეუწყოს ევროინტეგრაციას

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შეუძლია ხელი შეუწყოს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციას.

განცხადების ავტორების თქმით, დღეს, 2022 წლის 19 ივლისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ უნდა განიხილოს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე.

განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტის უსაფრთხოების შესახებ მიღებული რეზოლუციით ევროპარლამენტი გმობს ნიკა გვარამიას საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას და ითხოვს მის გადახედვას:

„ამდენად, ნიკა გვარამიას საქმის განხილვით სააპელაციო სასამართლოს ეძლევა განსაკუთრებული შესაძლებლობა, ცვლილება შეიტანოს არა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში, არამედ უზრუნველყოს ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულებაც.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას მიმართ 2022 წლის 16 მაისს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, დანაშაულის შემადგენლობის და სასჯელის ზომის განსაზღვრის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან დარღვევებს შეიცავს, რაც დეტალურადაა აღწერილი საქართველოს სახალხო დამცველის , საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული შეფასებებში. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო სექტორმა ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტსაც მიმართა“ – აცხადებენ კოალიციაში.

კოალიცია იმედს გამოთქვამს, რომ სააპელაციო სასამართლო ობიექტურად შეაფასებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, გაითვალისწინებს სახალხო დამცველისა თუ სხვა ორგანიზაციების მოსაზრებებს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით და მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციას.

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში არის დამნაშავედ ცნობილი და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა აქვს მისჯილი.

ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

მასალების გადაბეჭდვის წესი