ახალი ამბები

EU ალბანეთთან და ჩრდ. მაკედონიასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს იწყებს

19 ივლისი, 2022 •
EU ალბანეთთან და ჩრდ. მაკედონიასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს იწყებს

ევროკავშირი იწყებს ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს, რაც 2020 წლიდან დაყოვნებული იყო.

„ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დასავლეთ ბალკანეთის დაახლოებისკენ ევროკავშირთან“, — წერს Twitter-ზე ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა.

ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ლიდერები ფიალას და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს დღეს, 19 ივლისს, ბრიუსელში შეხვდნენ, რათა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე შემდგომი ნაბიჯები განიხილონ.

Prime Minister of Czechia Petr Fiala, Prime Minister of North Macedonia Dimitar Kovacevski and Prime Minister of Albania Edi Rama are welcomed by the President of the European Commission Ursula von der Leyen ahead of a meeting on the first negotiations for accession to the European Union at the European Commission in Brussels, Belgium, 19 July 2022. EPA-EFE/STEPHANIE LECOCQ

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას წინ უძღოდა ჩრდილოეთ მაკედონიის მიერ ხანგრძლივი დავის გადაჭრა ბულგარეთთან, რომელიც ბლოკავდა სკოპიესთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას ლინგვისტური და ისტორიული საკითხებიდან გამომდინარე. ბულგარეთი ითხოვდა, ჩრდილოეთ მაკედონიამ აღიაროს, რომ მაკედონიურ ენას ბულგარული ფესვები აქვს, ასევე, კონსტიტუციაში ჩაწეროს ქვეყნის ბულგარული უმცირესობა. ამან ასევე შეაფერხა ალბანეთის სტატუსი, რადგან ევროკავშირი ორივე ქვეყანას განიხილავს ერთი პაკეტის ნაწილად.

კვირას, 17 ივლისს, ბულგარეთი და ჩრდილოეთ მაკედონია შეთანხმდნენ „უკიდურესად ამბიციურ მოკლევადიან და გრძელვადიან ზომებზე, რომლებიც პრაქტიკაში მიზნად ისახავს მრავალი ღია საკითხის გადაჭრას“. მანამდე ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტმა დაამტკიცა საფრანგეთის წინადადება, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციას შეცვლას ბულგარეთის უმცირესობის აღიარების, უმცირესობების უფლებების დაცვისა და სისხლის სამართლის კოდექსში სიძულვილის ენის შეტანის გზით.

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროპული პერსპექტივა ევროკავშირმა ცნო 2003 წლის თესალონიკის სამიტზე. ალბანეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა 2014 წლიდან, ჩრდილოეთ მაკედონია კი — 2005 წლიდან. ევროკომისია 2009 წლიდან გასცემს რეკომენდაციას ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანებების მოლაპარაკების დაწყების შესახებ, ალბანეთმა კი კომისიის დადებითი რეკომენდაცია 2018 წელს მიიღო.

2020 წლის მარტში ევროპულმა საბჭომ მხარი დაუჭირა ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებას, თუმცა პროცესი რეალურად არ დაწყებულა. 2022 წლის ივლისში გაიმართა მთავრობათაშორისი კონფერენცია ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შესახებ და კომისიამ დაიწყო სკრინინგის პროცესი.

დასავლური მედია წერს, რომ პროცესი დააჩქარა რუსეთის უკრაინაში შეჭრამ, რის გამოც დასავლეთ ბალკანეთის სტრატეგიული მნიშვნელობა ევროკავშირისთვის გაიზარდა.

გაწევრიანების მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროკავშირის კანონმდებლობის 35 თავის (acquis) მიხედვით. გაწევრიანების ხელშეკრულება ფორმდება 35-ივე თავის დახურვის შემდეგ, როდესაც კანდიდატი დაასრულებს რეფორმის პროცესს. ხელშეკრულება რატიფიცირებული უნდა იქნას ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოს მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი