ახალი ამბები

აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო – ადვოკატი

19 ივლისი, 2022 • 811
აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო – ადვოკატი

„ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

როგორც წერეთლის ადვოკატი ტელეკომპანია „პირველთან“ ამბობს, უწყებამ გამოძიება ძალადობის ფაქტზე დაიწყო. ნეტგაზეთი ამ ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს პროკურატურაში.

„პროკურატურას მოუწია აღძვრა საქმის, ასევე მოუწევს დამნაშავეების დასჯა. მანდ არ იყო მარტო ოხანაშვილი, ყველას გაშვება [მოუწევს] ციხეში, ვინც განახორციელა ჯგუფური თავდასხმა. აშშ-ის საელჩოს კიდევ ერთხელ მივმართავ, ნუ გახდებით თანამონაწილე, დაუყოვნებლივ პროკურატურას მიაწოდეთ მასალები, რომ გასაჯაროვდეს ძალადობის კადრები“, – ამბობს ვატო წერეთელი.

ინციდენტი, რომელზეც წერეთელი საუბრობს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე მოხდა. ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელი, ვატო წერეთელი აცხადებს, რომ მას თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები. მისი თქმით, შემთხვევა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე მოხდა:

„ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე ქართული ოცნების დეპუტატები დამესხნენ თავს და ფიზიკურად გამისწორდნენ. მივმართავ კელი დეგნანს, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მოხდა ფიზიკური გასწორება ადამიანის წინააღმდეგ, ჩემ წინააღმდეგ. კეთილი ინებეთ და გაასაჯაროვეთ კადრები, მიეცით მედიას კადრები, თუ როგორ უსწორდებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები ადამიანს“, – აცხადებდა ვატო წერეთელი.

„ჩემკენ დაიძრა ანრი ოხანაშვილი, რომელსაც მოჰყვა [ირაკლი] ზარქუა, ასევე, ბექა ოდიშარია და მგალობლიშვილი. მომიჭირა ხელზე, დამიწყო გარჩევები. ოხანაშვილი რომ ქუჩურ გარჩევას მოგიწყობს, ხომ თავი უნდა მოიკლა…ხელი მომიქნია სახეში, მერე სანამ აზრზე მოვედი, მეორემ გამწია და მეორემ მომიქნია ხელი, სახეში მომხვდა ორივე“, – იხსენებს ვატო წერეთელი და ამბობს, რომ ელჩი „ალბათ 50 მეტრში იყო“.

წერეთელი ამბობდა, რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, რაღაც მომენტში კი მას ესროლეს ჭიქაც.

თავად ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ წერეთელმა პროვოკაცია მოუწყო და მან „მიიღო ის პასუხი, რომელსაც იმსახურებდა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი