ახალი ამბები

დაუშვებელია მართლმსაჯულებაში ჩარევა — მაჭარაშვილი გვარამიას მოსამართლის განცხადებაზე

15 ივლისი, 2022 • 604
დაუშვებელია მართლმსაჯულებაში ჩარევა — მაჭარაშვილი გვარამიას მოსამართლის განცხადებაზე

„ქართული ოცნების“ წევრის, პარლამენტარ გურამ მაჭარაშვილის მოსაზრებით, მოსამართლის სანქცირება ან  გამოკითხვა მის მიერ მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არის სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევა და არის მიუღებელი.

მისივე განცხადებით, იგი ელის პასუხებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსგან.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გაინტერესებს საელჩოს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი რეფორმა გავატარეთ, მათ შორის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია დაუშვებლად ის, რაც ახლა მოვისმინეთ, იმიტომ, რომ მოსამართლის კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვა, მით უფრო სანქციების ფორმა, რატომ აირჩია ეს და არა სხვა, არის პირდაპირი ჩარევა, ჩემი აზრით, და არამხოლოდ ჩემი აზრით, მართლმსაჯულებაში ჩარევა და არის დაუშვებელი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღეს გაკეთებულ კომენტარში ის ასევე გამოეხმაურა ევროპარლამენტის წევრის, მაიკლ გალერის განცხადებას, სადაც სააპელაციო სასამართლოს მოუწოდა, გაემართლებინა „მთავარი არხის“ დირექტორი, ნიკა გვარამია, რომელიც ამჟამად საპატიმროშია.

„ასევე, ევროპარლამენტარი გალერის განცხადება გვარამიასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლოს მოუწოდა, რომ გაამართლოს გვარამია, საინტერესოა, საკუთარი ქვეყნის სასამართლოს თუ მიმართავს ასე“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.


ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ დღეს, 15 ივლისს, დაადასტურა, რომ ამ საქმეზე გამოტანილი განაჩენის შემდეგ აშშ-ში დაგეგმილი სასამართლოს მხარდამჭერი პროგრამიდან მოხსნეს.

ჩხიკვაძის თანახმად, განცხადების გაკეთება გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც მოისმინა ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადება სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით, რაც, მოსამართლის შეფასებით, სასამართლოზე პირდაპირი ზეწოლაა.

„როგორც ცნობილია, ბატონი გალერი გერმანელი პოლიტიკოსია და წლებია, ევროპარლამენტის წევრია და უბრალოდ ჩემთვის საინტერესოა, საკუთარ ქვეყნის მოსამართლეებზე თუ მოახდენდა ამგვარ ზეწოლას და მათთვის პირდაპირი მითითებების მიცემას კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის შედეგთან დაკავშირებით? და რაც მთავარია, რა რეაქციები მოჰყვებოდა მის ასეთ ქმედებას მისსავე სამშობლოში?“, — კითხულობს ჩხიკვაძე.

მისი თქმით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის, გამამართლებელი განაჩენიც, და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც არანაირი პირადი და პოლიტიკური ინტერესი არ გააჩნია ბრალდებულების მიმართ, თუმცა გალერის განცხადება არის პირდაპირი ზეწოლა მის კოლეგებზე.

ნიკა გვარამიას დაკავებაზე გადაწყვეტილება სასამართლომ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შესაძლო მინიჭებისთვის საჭირო რეკომენდაციის დოკუმენტის მომზადებამდე ცოტა ხნით ადრე მიიღო.

მაშინ ევროინტეგრაციის პროცესში ჩართული ექსპერტები აცხადებდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება დააზიანებდა საქართველოს პოზიციებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი