ახალი ამბები

მაჩალიკაშვილის ოჯახს სპეცოპერაციისას ამოღებული ნივთები დაუბრუნდა

15 ივლისი, 2022 • 947
მაჩალიკაშვილის ოჯახს სპეცოპერაციისას ამოღებული ნივთები დაუბრუნდა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტიდან 1.5 წლის შემდეგ, გენერალურმა პროკურატურამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოჯახს სრულად დაუბრუნა სპეცოპერაციის დღეს ამოღებული ნივთები.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, გამოძიების შეწყვეტის მიუხედავად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და პროკურატურა წლების განმავლობაში უარს აცხადებდნენ იმ ნივთების დაბრუნებაზე, რომლებიც 2017 წლის 26 დეკემბერს, მაჩალიკაშვილის საცხოვრებელი სახლიდან ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

თუმცა „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აღნიშნავს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის პირადი მობილური ტელეფონის გადმოცემის შემდეგ ვერ შეძლეს მისი სათანადო დათვალიერება, რადგან წვდომა ვერ ხერხდება მის Facebook და WhatsApp აპლიკაციებზე, რომლებიც პასვორდითაა დაცული:

„ჩვენ დავათვალიერეთ ტელეფონში შენახული სხვა მონაცემები, მათ შორის, ფოტომასალა. მასში ახალი შინაარსის მონაცემები და ინფორმაცია, მით უფრო, რაც ოფიციალური გამოძიების ნარატივებთან იქნებოდა კავშირში, ვერ აღმოვაჩინეთ“ ,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

ცენტრის თქმით, წლების განმავლობაში, სუს-ის და პროკურატურის განმარტებით, ნივთებისა და ამოღებული ფულადი თანხის დაბრუნებაზე უარი განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ უწყებებს უნდა შეესწავლათ ამოღებული ფულადი თანხის წარმომავლობა და მისი შესაძლო კავშირი ჩატაევის დაჯგუფებასთან.

ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს წარუდგინეს არაერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა, რომ ამოღებული თანხა ეკუთვნოდა თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს, უწყებები მაინც ცდილობდნენ ის დაეკავშირებინათ ჩატაევთან და მის დაჯგუფებასთან:

„საქმის ობიექტური, ფაქტობრივი გარემოებები ცალსახად მიუთითებდა, რომ მაჩალიკაშვილს შემხებლობა ჩატაევთან არ ჰქონია და, შესაბამისად, არც ფინანსური რესურსებით უსარგებლია. ამას ადასტურებს, სუს-ის და გენერალური პროკურატურის მიერ 5 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებაც და ამ ფულისა და სხვა ნივთების ოჯახისთვის დაბრუნება“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

გარდა ამისა, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე კიდევ ერთი სიახლეა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც. საქმეზე, რომელშიც მაჩალიკაშვილის მშობლებმა სასამართლოს მიმართეს და სუს-ის მხრიდან თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის დადგენა და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვეს, 2022 წელს მეორე ინსტანციის სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და უდანაშაულობის პრეზუმფციის აშკარა ნიშნების მიუხედავად, სასამართლოებმა მაჩალიკაშვილების სარჩელი არ დააკმაყოფილეს.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ  ეროვნულ დონეზე ვერ მოხერხდა უდანაშაულობის პრეზუმფციის და ამის გამო მაჩალიკაშვილების ოჯახის ღირსების შელახვის საქმეზე უფლების აღდგენა, ორგანიზაცია ამ ნაწილში დავას გააგზავნის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

ცენტრში აცხადებენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფისა და აშკარად არაეფექტიანი გამოძიების საქმეზე განაცხადი 2019 წლის ივნისში გაიგზავნა:

„ევროპულმა სასამართლომ საქმეზე დაჩქარებული განხილვა დაიწყო. 2020 წლის ბოლოსთვის ევროპულმა სასამართლომ საქმეზე უკვე დაასრულა კომუნიკაცია მთავრობასთან და მათ შორის, მიიღო ჩვენი მოსაზრებები სამართლიანი დაკმაყოფილების (just satisfaction) საკითხებზე. ამ დრომდე ჩვენ ველოდებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – აცხადებენ სოციალური სამართლიანობის ცენტრში.

2017 წლის 26 დეკემბერს მაჩალიკაშვილების სახლში ჩატარდა სპეცოპერაცია, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით თავის არეში მძიმედ დაშავდა თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც მოგვიანებით სამკურნალო დაწესებულებაში გარდაიცვალა. მთავრობის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილი იყო ტერორისტული ქსელის წევრი და დაკავშირებული იყო ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს წევრებთან. ოჯახისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების ნაწილის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ დაირღვა არაერთი უფლება, მათ შორის სიცოცხლის უფლებაც. ისინი საქმის ხელახალ გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი