ახალი ამბები

ბელგიაში ვატერლოოს ბრძოლისას დაღუპულთა ჩონჩხებს მიაგნეს

14 ივლისი, 2022 • 1163
ბელგიაში ვატერლოოს ბრძოლისას დაღუპულთა ჩონჩხებს მიაგნეს

ბელგიაში არქეოლოგებმა მიაკვლიეს 1815 წელს, ვატერლოოს ბრძოლისას დაღუპული სამხედროების ჩონჩხებს. BBC-ის თანახმად, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს  “წარმოუდგენლად იშვიათი” აღმოჩენაა, ვატერლოოს ველზე კი გრძელდება გათხრები მეტი დეტალის შესასწავლად.

გათხრები, რომელთა დროსაც არქეოლოგთა ჯგუფებმა ადამიანებისა და ცხენების ნაშთებს მიაგნეს, 2019 წლის შემდეგ პირველად განახლდა.

“ჩვენ ამაზე მეტად ვერ მივუახლოვდებით ვატერლოოს სასტიკ რეალობას”, — ციტირებს BBC პროექტის ერთ-ერთ დირექტორს.

პროფესორი ტონი პოლარდი, რომელიც გლაზგოს უნივერსიტეტის ბრძოლის ველის არქეოლოგიის ცენტრის დირექტორია, მჭიდროდ იყო ჩართული გათხრებში.

“20 წელია ბრძოლის ველის არქეოლოგი ვარ და მსგავსი არაფერი მინახავს”, — აღნიშნავს ის.

ვატერლოოს ბრძოლა დღევანდელი ბელგიის ტერიტორიაზე 1815 წლის 18 ივნისს მოხდა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ საფრანგეთის არმია ნაპოლეონის მეთაურობით და დიდი ბრიტანეთის ძალები უელინგტონის ჰერცოგის მეთაურობით, რომელსაც მოკავშირე პრუსიის არმიაც ახლდა თან.

ბრძოლაში საფრანგეთის მარცხმა წერტილი დაუსვა ნაპოლეონის ომებს ევროპაში და გააქარწყლა ამ უკანასკნელის ამბიცია, ემართა კონტინენტის დიდი ნაწილი.

ზემოხსენებული გათხრების დროს ასევე აღმოაჩინეს სამი ამპუტირებული კიდურის ნაშთი მონ-სენ-ჟანის ფერმაში, რომელიც ბრძოლის დროს ველინგტონის ჰერცოგის მთავარი საველე საავადმყოფოს ადგილი იყო.

ვატერლოოს ბრძოლაში ათიათასობით ადამიანი დაიღუპა, თუმცა დღემდე მხოლოდ რამდენიმე ნაშთია ნაპოვნი. თანამედროვე ცნობების მიხედვით, დიდი ოდენობით ძვლებს აგროვებდნენ, მიწაში ფლავდნენ და ფერმებში სასუქად იყენებდნენ.

არქეოლოგთა ჯგუფი გათხრებს 15 ივლისამდე განაგრძობს. სპეციალისტები მეტ აღმოჩენებს იმედოვნებენ.

ფოტო: CHRIS VAN HOUTS/WATERLOO UNCOVERED

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

მასალების გადაბეჭდვის წესი