ახალი ამბები

„მთავარი არხის“ ჟურნალისტების მიყურადების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს – კოალიცია

14 ივლისი, 2022 •
„მთავარი არხის“ ჟურნალისტების მიყურადების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს – კოალიცია

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ აცხადებს, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტების მიყურადების ფაქტზე დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება.

„2022 წლის 13 ივლისს ტელეკომპანიების, „მაესტროსა“ და „იმედის“ ეთერით წამყვანმა გია გაჩეჩილაძემ („უცნობი“) გაავრცელა ფარული ჩანაწერი, რომელიც, მისივე განმარტებით, ტელეკომპანია „მთავარი არხის” გუნდის სამუშაო პროცესს ასახავს, „მთავარი არხის” ჟურნალისტები კი ჩანაწერების ავთენტურობას ადასტურებენ“, – წერს კოალიცია.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა“ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით, რაც გულისხმობს კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას.

„პირადი და საქმიანი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ფუნდამენტური ასპექტია კომუნიკაციის თავისუფლება, რომელიც მოიცავს ადამიანების კომუნიკაციის ანონიმურობის დაცვას ნებისმიერი მესამე პირისგან. ამ უფლების დაცულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის პირადი და საქმიანი სივრცის ხელშეუხებლობისთვის“, – აცხადებს კოალიცია.

„მედიის ადვოკატირების კოალიციის“ განცხადებით, ბოლო პერიოდში არაერთხელ გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჟურნალისტებს სახელმწიფო უკანონოდ უსმენს, რისი გამოძიებაც სათანადოდ არ მომხდარა.

„ამის დასტურია 2021 წელს გავრცელებული ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ფაილები, რომლებიც ათეულობით ჟურნალისტის სავარაუდო უკანონო მოსმენის შინაარსს ასახავს. უკანონო მოსმენების საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჟურნალისტების სახელით საჩივრებიც გაიგზავნა“, – წერია კოალიციის მიერ 14 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.

„2022 წლის 13 ივლისს ე.წ. სამთავრობო ტელეარხებზე „მთავარი არხის“ ჟურნალისტების სავარაუდო ფარული ჩანაწერის გავრცელება ამძაფრებს ეჭვს, რომ შესაძლოა ეს ჩანაწერიც სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურს ეკუთვნოდეს“, – ამბობენ კოალიციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი