ახალი ამბები

რას გულისხმობს აშშ-ის კონგრესში ინიციირებული შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი

14 ივლისი, 2022 • 1473
რას გულისხმობს აშშ-ის კონგრესში ინიციირებული შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი

აშშ-ის კონგრესში ინიციირებულია შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციას შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შემუშავებას ავალებს.

კანონპროექტის ინიციატორები არიან სენატორები, ჯინ შაჰინი (დემოკრატი) და მიტ რომნი (რესპუბლიკელი). თანასპონსორებს შორისა არიან: ტომ თილისი (რესპუბლიკელი), ქრის ქუნსი (დემოკრატი), როჯერ უიკერი (რესპუბლიკელი) და ბენ კარდინი (დემოკრატი).

კანონპროექტის მიხედვით, ევროკავშირისა და ნატოს აღმოსავლეთ საზღვართან, რუსეთის მიერ 2014 და 2022 წლებში უკრაინაში, ხოლო 2008 წელს საქართველოში სამხედრო შეჭრის შემდგომ, შავი ზღვის რეგიონი მზარდი დაძაბულობისა და კონფლიქტის ზონად  რჩება. კანონპროექტი ამბობს, რომ შავი ზღვის რეგიონს აღიარებს რუსეთის აგრესიის არენად და ამბობს, რომ შეერთებული შტატების ინტერესებშია, თავიდან აიცილოს შემდგომი შეიარაღებული კონფლიქტის გავრცელება რეგიონში.

„შეერთებულმა შტატები და მისი მოკავშირეები მკაცრად უნდა დაუპირისპირდნენ რუსეთის უკანონო ტერიტორიულ პრეტენზიებს ყირიმის ნახევარკუნძულზე, უკრაინის ტერიტორიული წყლების გასწვრივ შავ ზღვასა და აზოვის ზღვაში, შავი ზღვის საერთაშორისო წყლებში და იმ ტერიტორიებზე, რომლებიც უკანონოდ ოკუპირებულია უკრაინაში“, — ნათქვამია კანონპროექტში.

კანონპროექტი ითვალისწინებს შავი ზღვის ქვეყნების, განსაკუთრებით უკრაინის, რუმინეთის, ბულგარეთისა და საქართველოს, მიმართ სამხედრო მხარდაჭერის ზრდის სტრატეგიას და ასევე, ხაზს უსვამს რეგიონის ქვეყნებთან აშშ-ის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების ინტერესს.

„გაუმჯობესებულმა ეკონომიკურმა კავშირებმა შეერთებულ შტატებსა და შავი ზღვის ქვეყნების უფრო ფართო რეგიონს შორის შეიძლება გამოიწვიოს სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება“, — ნათქვამია კანონპროექტში.

ამ კუთხით დოკუმენტი ეხმაურება უკრაინაში, საქართველოსა ან რუმინეთში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის რეგიონალური ოფისის გახსნას. ასევე, ამბობს, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გააძლიეროს დიალოგი შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის, რათა გააუმჯობესოს კომუნიკაცია და დაზვერვის ინფორმაციის გაზიარება, ასევე, კიბერთავდაცვის შესაძლებლობები.

კანონპროექტის თანახმად, შეერთებულმა შტატებმა უნდა უპასუხოს უკრაინის შავი ზღვის პორტების დახურვის შედეგად გამოწვეულ საკვების უსაფრთხოების კრიზისს, რადგან ამ გლობალურ გამოწვევას კრიტიკული გავლენა აქვს აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებაზე.

„რუსეთს აქვს შიმშილის იარაღად გამოყენების სასტიკი ისტორია და ეს უნდა შეწყდეს“, — ნათქვამია დოკუმენტში.

კანონპროექტში, ასევე, საუბარია შავი ზღვის რეგიონში რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის, რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებისა და რეგიონის ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების ზრდის აუცილებლობაზე და მოკავშირეებთან ერთად გრძელვადიანი უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებაზე, რაც უზრუნველყოფს აღმოსავლეთ ფლანგზე მათ მუდმივ და მდგრად ყოფნას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-ის კონგრესში ინიცირებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტით კიდევ ერთხელ დადასტურდა შეერთებული შტატების მზარდი ინტერესი და მხარდაჭერა საქართველოსადმი.

ორპარტიული კანონპროექტი 12 ივლისს იქნა ინიცირებული. კანონად ქცევამდე ის უნდა დაამტკიცოს სენატმა, შემდეგ- წარმომადგენლობითმა პალატამ და ხელი მოაწეროს პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი