საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი გმობს მედიაზე ძალადობას. შესაბამისი განცხადება ელჩმა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ გაახმიანა.
“ჩვენ განვიხილეთ მედიაგარემოს საგანგაშო გაუარესება და ჟურნალისტების შევიწროების, დევნისა და მათზე ფიზიკური თავდასხმის შემთხვევების შემაშფოთებელი ზრდა.
დემოკრატიებს თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია უნდა ჰქონდეს. პოლიტიკური სპექტრის მასშტაბით, მედია უნდა იყოს თავისუფალი, რათა საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს და ძირითადი მოვლენები ასახოს.
პასუხისმგებელი, ეთიკური მედია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ძალაუფლების მქონე პირთა ანგარიშვალდებულებისთვის”, — დასძენს ის.
კელი დეგნანის თქმით, აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს ქარტიის ძალისხმევას, დაეხმაროს ჟურნალისტებს საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების გაშუქებაში სამართლიანად, დაბალანსებულად და ეთიკურად:
“შეერთებული შტატები კატეგორიულად გმობს ჟურნალისტებზე ძალადობასა და მათ შევიწროებას. პასუხი უნდა აგონ მათ, ვინც ჟურნალისტებს ემუქრება და თავს ესხმის. 5 და 6 ივლისის შოკის მომგვრელი ძალადობა გვახსენებს ძალადობის ორგანიზატორებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მნიშვნელობას.
დაუსჯელობა შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ძალადობა მისაღებია, ძალადობა კი არასდროსაა მისაღები. ხელისუფლებაში მყოფთა პასუხისმგებლობაა, უზრუნველყონ თავისუფალი და ღია მედიაგარემო”.
მისივე სიტყვებით, საქართველოს მთავრობამ ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პროაქტიული ნაბიჯები უნდა გადადგას და “დაუსჯელნი არ უნდა დარჩნენ ისინი, ვინც ჟურნალისტებზე თავდასხმით საქართველოს დემოკრატიას საფრთხეს უქმნიან – მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებისა”.
“თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესა ნამდვილი დემოკრატიული საზოგადოების კრიტერიუმია”, — თქვა ელჩმა.
5 ივლისის მასობრივი ძალადობიდან ერთი წელი ისე შესრულდა, რომ საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს ჯერაც არ გამოუვლენიათ ჟურნალისტებზე და აქტივისტების ოფისებზე თავდასხმების ორგანიზატორები.
მათ, ვინც თბილისის ცენტრში შეკრებილ ჰომოფობიურ და ძალადობრივ ჯგუფებს ედგნენ სათავეში, ახლა ოფიციალურად რეგისტრირებული პოლიტიკური პარტია აქვთ და უწინდელის მსგავსად, არც ამჟამად ერიდებიან ძალადობის მუქარებს მათთვის არასასურველი პირებისა თუ ჯგუფების მიმართ.
სამოქალაქო სექტორი 5 ივლისის ძალადობის გამოძიების პროცესს აკრიტიკებს, ევროპარლამენტის რეზოლუციაში კი ნათქვამია, რომ ასეთი ქმედებების ჩამდენთა დაუსჯელობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს შეწყნარებული.
5 ივლისი: ძალადობა, რომლის ორგანიზატორები ერთი წლის შემდეგაც არ დაუსჯიათ