ახალი ამბები

ბოკერია: ღარიბაშვილის წერილი იმის მტკიცებულებაა, რის უარყოფასაც ცდილობს

12 ივლისი, 2022 • 929
ბოკერია: ღარიბაშვილის წერილი იმის მტკიცებულებაა, რის უარყოფასაც ცდილობს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია ეხმაურება პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს წერილს. ბოკერიას თქმით, კომიკურია, რომ ეს წერილი სწორედ იმის მტკიცებულებაა, რის უარყოფასაც მისი შინაარსი ცდილობს:

„ადამიანმა რომ არ იცოდეს სიტუაცია და უცებ გინდა, რომ გაარკვიო ვითარებაში, ეს წერილი არის საუკეთესო მტკიცებულება, თუ ვინ არის ღარიბაშვილისა და ყველა პოლიტიკური არარაობის პატრონი“ ,- აცხადებს გიგა ბოკერია.

მისი თქმით, ეს წერილი არის იმ ძალიან ცუდი ამბის საბუთი, რომ ოლიგარქი ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ მამამარჩენალი და ყველაფერს ის აკონტროლებს:

„კომიკურია, რომ ეს წერილი, რომელიც არის დაწერილი ამ ყველაფრის უარყოფისთვის, არის სწორედ ამის მტკიცებულება. დანარჩენი ყველაფერი
არის მეორეხარისხოვანი, მთავარი მამამარჩენალისადმი მიძღვნილი ქებაა, მისი სიდიადის აღიარება. შეგიძლიათ ადვილად წარმოიდგინოთ, როგორ ასწორებს ამ წერილს თავად ივანიშვილი.

ეგ თვისება ადრე ჰქონდა, სხვებს აწერინებდა წერილებს, ოღონდ მერე წამოსცდებოდა ხოლმე, მე დავაწერინეო. ესეც შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ თვითონ დაწერა, რაც მის გულს ესიამოვნებოდა, ის დააწერინა ამას და უფრო ღრმა მოტივებზე სპეკულირება არც მინდა, ყველასთვის გასაგებია ამ ადამიანის შინაგანი სამყარო. ჩვენ ერთადერთი შეგვიძლია ამ წერილითაც კი ვიმსჯელოთ, თუ რამხელა შარშია ქვეყანა“, – აცხადებს გიგა ბოკერია.

ბიძინა ივანიშვილთან და დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით დღეს, 12 ივლისს, ვრცელი განცხადება გაავრცელა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც. წერილში ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ მმართველი გუნდი არც ოპერატიულ და არც საკვანძო გადაწყვეტილებებს პოლიტიკიდან გასული ყოფილი ლიდერის კარნახით არ იღებს და როდესაც შიდა თუ გარე პოლიტიკური ოპონენტები დეოლიგარქიზაციაზე საუბრობენ, ეს განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია მისთვის, როგორც პრემიერისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი