ახალი ამბები

უნდა შემოვსაზღვროთ და კონტაქტი არ უნდა ჰქონდეს არავისთან? — პაპუაშვილი ივანიშვილზე

12 ივლისი, 2022 • 645
უნდა შემოვსაზღვროთ და კონტაქტი არ უნდა ჰქონდეს არავისთან? — პაპუაშვილი ივანიშვილზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვა მნიშვნელოვანი და დროული იყო, რადგან ბოლო პერიოდში დეოლიგარქიზაციის ტერმინის გამოყენებით პირდაპირი შტურმი ხდება საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მიმართ.

როგორც პაპუაშვილი ამბობს, ოპონენტები იმ აზრის გამრუდებას ცდილობენ, რაც ევროკავშირმა ჩადო ტერმინ დეოლიგარქიზაციაში.

მისი თქმით, ის, ვინც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია და საქართველოს ხელისუფლება სინამდვილეში სხვა ადამიანის მიერ იმართება, ქართული დემოკრატიას პირდაპირ აყენებენ შეურაცხყოფას. პაპუაშვილის თქმით, ამას პასუხი სჭირდება.

„ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვაში საუბარი იმაზე იყო, რომ ადამიანებს აქვთ ოჯახებით ურთიერთობა. ადამიანი არ არის კუნძული. ადამიანი უნდა შემოვსაზღვროთ და მას კონტაქტი არ უნდა ჰქონდეს არავისთან? ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობა აქვთ და ეს არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი.

რაც შეეხება გავლენას სახელმწიფო გადაწყვეტილებებზე და პოლიტიკაზე – ვინც საუბრობს, თითქოს საქართველოს ხელისუფლება დამოუკიდებლად არ იღებს გადაწყვეტილებას, ისინი, მათ შორის ევროპარლამენტის წევრები, ვერ ასახელებენ ვერც ერთ ფაქტს, თუ როგორ ხდება ეს გავლენა და რომელ გადაწყვეტილებაზე იყო ეს ზეგავლენა“, — განაცხადა პაპუაშვილმა.


ბიძინა ივანიშვილთან და დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით დღეს, 12 ივლისს, ვრცელი განცხადება გაავრცელა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. წერილში ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ მმართველი გუნდი არც ოპერატიულ და არც საკვანძო გადაწყვეტილებებს პოლიტიკიდან გასული ყოფილი ლიდერის კარნახით არ იღებს და როდესაც შიდა თუ გარე პოლიტიკური ოპონენტები დეოლიგარქიზაციაზე საუბრობენ, ეს განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია მისთვის, როგორც პრემიერისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი