ახალი ამბები

სასამართლოზე განცხადების გამო პაპუაშვილი ევროპარლამენტარს აკრიტიკებს

12 ივლისი, 2022 • 1260
სასამართლოზე განცხადების გამო პაპუაშვილი ევროპარლამენტარს აკრიტიკებს

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი აცხადებს, რომ საქართველოში კანონი უზენაესი უნდა იყოს და სასამართლოს არ უნდა მართავდნენ მმართველი პარტია ან ჩრდილში მყოფი ადამიანები .

ამის შესახებ მან „მთავარ არხს“ ბრიუსელში განუცხადა, სადაც არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას ცოლი სოფო ლილუაშვილი და იურისტი თამთა მურადაშვილი ევროპელ პოლიტიკოსებს ხვდებიან.

ევროპარლამენტარის თქმით, მოსამართლეებმაც უნდა იფიქრონ, როგორი მომავალი უნდათ ჰქონდეთ დემოკრატიულ საქართველოში, რომელიც ევროკავშირისკენ მიმავალ გზას მტკიცედ ადგას.

“ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, არ არის ბუნებრივი ჟურნალისტების ციხეში ჩასმა ისეთი ბრალდებებით, რომლებიც აშკარად შეთითხნილია და არც სასამართლოს სადამსჯელო ინსტრუმენტად გამოყენება ხდება მმართველი პარტიის მიერ. ეს პრობლემაა და ამიტომ ჩვენი გზავნილი მკაფიოა. კანონი უნდა იყოს უზენაესი და მმართველი პარტია ან ჩრდილში მყოფი ადამიანები არ უნდა მართავდნენ სასამართლოს.

რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს. ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რა ეჭვებია ჩვენი მხრიდან და რა მოთხოვნებია. მე არ მინდა ახლა სპეკულირება, თუ როგორი იქნება შედეგი. ივანიშვილსა და ნიკას[გვარამიას] შორის არიან მოსამართლეები და მათაც უნდა იფიქრონ, როგორი მომავალი უნდათ ჰქონდეთ დემოკრატიულ საქართველოში, რომელიც მტკიცედ ადგას ევროკავშირისკენ მიმავალ გზას. მათაც უნდა აჩვენონ ყველას, როგორი უნდა იყოს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება.

მესმის, რომ მათ შეიძლება ეშინოდეთ ამის, მაგრამ ეს შიშები უნდა დაძლიონ. მოსამართლემ უნდა გააკეთოს ის, რაც სამართლიანია და არა ის, რასაც უბრძანებენ. და მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამ მოსამართლეებს, რომ სიმართლეს ემსახურონ და არა ოლიგარქს, რომელიც ანაქრონიზმად იქცა თანამედროვე საქართველოში”, – ამბობს ევროპარლამენტარი. [მთავარი არხის თარგმანი].

მაიკლ გალერის განცხადება შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და განაცხადა, რომ „ესაა კლასიკური მაგალითი სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობისა“.

„ამ განცხადების სარჩული რა იყო? – თითქოს კონკრეტული მოსამართლეები, როგორც წესი, რაღაც გავლენის ქვეშ არიან და ამ გადაწყვეტილების დროს, ამ პროცესში ამ გავლენიდან გამოვიდნენ. თავის მხრივ, ეს არის ამ მოსამართლეების შეურაცხყოფა და, ამავე დროს, არის მცდელობა, რომ გავლენა მოახდინონ სასამართლოზე.

ევროკავშირმა სწორედ ამისკენ მოგვიწოდა, რომ გვქონდეს არა სტიგმატიზება და კლიშეების მიკერება მოსამართლეების, არამედ ანალიზზე დაფუძნებული დისკუსია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში არის დამნაშავედ ცნობილი და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა აქვს მისჯილი.

ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოში პირველი პროცესი 19 ივლისს ჩაინიშნა.

როგორც „ნეტგაზეთს“ გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განუცხადა, კანონით გათვალისწინებული ვადებში სააპელაციო სხდომა 10 აგვისტომდე უნდა ჩანიშნულიყო, თუმცა ქართული სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, რომელიც ამ ვადებს ხშირად არღვევს, სხდომა სწრაფად ჩაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი