საბერძნეთის კუნძულ მიკონოსზე საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ვილა გაძარცვეს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა გასულ კვირას მოხდა. ძარცვის ფაქტს თავად ბაჩიაშვილიც ადასტურებს.

გაზეთ Phtothema-ს თანახმად, ქართველმა ბიზნესმენმა პოლიციას აცნობა, რომ სხვა ადამიანებთან ერთად კუნძულზე სასეირნოდ იყო გასული, რა დროსაც მძარცველები სახლში ფანჯრიდან შევიდნენ და ერთ-ერთი საძინებლიდან 90 000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს.

“protothema.gr-თან საუბრისას მან დაადასტურა ინციდენტი და განაცხადა, რომ პოლიციელებს აღებული აქვთ  ფოტოები, ასევე თითის ანაბეჭდები, და იმედი აქვთ, რომ მოპარულ ნივთებს იპოვიან. ბიზნესმენის თქმით, მოპარული ძვირფასეულობა დაზღვეული არ ყოფილა”, — წერს გამოცემა.

მომხდარის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილმა სოციალური ქსელის აუდიტორიასაც უამბო.

“მიკონოსი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ადგილია, რომელსაც ხშირად ვსტუმრობ ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ყოველ ზაფხულს.

სამწუხაროდ, მისი უსაფრთხოება ბოლო წლებში გაუარესდა. 3 დღის წინ რამდენიმე, მათ შორის ჩვენი, ვილა გაძარცვეს… მძარცველებმა პირადი ნივთები და ძვირფასეულობა წაიღეს.

საბედნიეროდ, ყველა უსაფრთხოდაა, შემოჭრილები არავის დაუნახავს”, — წერს ის “ინსტაგრამზე”.

ბაჩიაშვილი მოუწოდებს ადგილობრივ პოლიციას, სათანადოდ გამოიძიოს დანაშაული.

გიორგი ბაჩიაშვილი 6 წლის მანძილზე იკავებდა ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას. ფონდის დაფუძნების პროცესში ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი იყო ჩართული.