ახალი ამბები

NASA ვების ტელესკოპით გადაღებულ პირველ ფოტოს ავრცელებს

12 ივლისი, 2022 •
NASA ვების ტელესკოპით გადაღებულ პირველ ფოტოს ავრცელებს

NASA-მ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული პირველი ფოტო გაავრცელა, რომელიც მეცნიერების შეფასებით, პირველი, ყველაზე დეტალური ინფრაწითელი გამოსახულებაა, რომელიც ამ დრომდე ვინმეს გადაუღია. ფოტოზე აღბეჭდილია სინათლე გალაქტიკებიდან, რომელსაც ჩვენამდე მოსაღწევად მილიარდობით წელი დასჭირდა.

როოგრც BBC წერს, მოწყობილობა, რომლის შექმნაც 10 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდა, გასული წლის 25 დეკემბერს ამუშავდა და ცნობილი ჰაბლის ტელესკოპი უნდა ჩაანაცვლოს. ვების ტელესკოპი ცაზე სხვადასხვა მიმართულებით აწარმოებს დაკვირვებას, თუმცა ორი ძირითადი მიზანი აკისრია. მოწყობილობამ უნდა აღბეჭდოს ის პირველი ვარსკვლავები, რომლებიც სამყაროს 13.5 მილიარდი წლის წინ ანათებდნენ და ეძიოს შორეული პლანეტები, რომელიც შესაძლოა სიცოცხლისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდეს.

ტელესკოპი 6.5 მეტრი დიამეტრის ოქროს სარკითა და სუპერმგრძნობიარე ინფრაწითელი ინსტრუმენტებითაა აღჭურვილი. სწორედ ამ ხელსაწყოების მეშვეობით გახდა შესაძლებელი დიდი აფეთქებიდან 600 მილიონი წლის შემდეგ ჩამოყალიბებული გალაქტიკების ფირზე აღბეჭდვა.

სურათზე აღბეჭდილია ვებისა და ჰაბლის ტელესკოპების მიერ გადაღებული ცის ერთი და იგივე მონაკვეთი.

NASA-ს ხელმძღვანელი ბილ ნელსონი განმარტავს, რომ სინათლე წამში 299,792,458 მეტრს გადის და, შესაბამისად, ნათება, რომელიც ფოტოზეა აღბეჭდილი, კოსმოსში 13 მილიარდი წლის განმავლობაში მოგზაურობდა, ჩვენამდე რომ მოეღწია. სამყარო კი, მეცნიერების თქმით, 13.8 მილიარდი წლისაა და გამომდინარე იქიდან, რომ ტელესკოპის მიზანია აღბეჭდოს ვარსკვლავები, რომლებიც 13.5 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდა, ვების მეშვეობით მეცნიერები შეძლებენ სამყაროს დასაბამის აღბეჭდვას.

BBC აღნიშნავს, რომ ჰაბლის ტელესკოპი ამგვარი შედეგის მისაღებად ცას კვირაობით აკვირდებოდა, ვების ტელესკოპმა კი სუპერგარჩევადი ფოტოს გადაღება 12.5 -საათიანი დაკვირვების შემდეგ შეძლო.

მასალების გადაბეჭდვის წესი