ახალი ამბები

ხუნდაძე მადლობას უხდის “ოცნებიდან” გასულ საკრებულოს დეპუტატებს

11 ივლისი, 2022 • 721
ხუნდაძე მადლობას უხდის “ოცნებიდან” გასულ საკრებულოს დეპუტატებს

“ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც მმართველი პარტია “საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის” მისაწოდებლად, 2 კოლეგასთან ერთად დატოვა, მადლობას უხდის საკრებულოების დეპუტატებს, რომლებმაც 11 ივლისს “ოცნების” პარტიის დატოვების შესახებ განაცხადეს.

თერჯოლის, ჭიათურის, ლაგოდეხისა და ახალციხის საკრებულოების დეპუტატებმა, რომლებიც “ქართულ ოცნებას” წარმოადგენდნენ, თქვეს, რომ იზიარებენ ხუნდაძის, ასევე, პარტიიდან მასთან ერთად გასული მიხეილ ყაველაშვილისა და სოზარ სუბარის პოზიციას.

ხუნდაძის თქმით, “მაშინ, როდესაც ოპოზიციის ნაწილი ქვეყანას საკუთარი თანამდებობებისთვის წირავს, ოცნების წევრები თანამდებობებს ქვეყნის დასახმარებლად ტოვებენ”.

“მადლობა ჩვენს თანამოაზრეებს, ვისთვისაც პირადი კომფორტი ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესი. რთულია დღეს ამ ველზე მოქმედება, მაგრამ საჭირო, რომ ქვეყანა შეუქცევად პრობლემებში არ აღმოჩნდეს.

ოპონენტების დიდი ნაწილი ევროინტეგრაციის საფარქვეშ ცდილობენ მხოლოდ ხელისუფლებაში მობრუნების ინტერესით იხელმძღვანელონ და “თუნდაც ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა”. მათი ძირითადი იარაღი არის ცინიზმი და შეურაცხყოფა, რაშიც პარტიული ტელევიზიების ჟურნალისტებიც არ ჩამორჩებიან”, — ამბობს ხუნდაძე.

მისივე სიტყვებით, “სწორედ ეს არ არის დასავლური სტანდარტი” და ეს უშლის ხელს ქვეყნის დასავლური ინტეგრაციისკენ სვლას და პოლარიზაციის შემცირებას.

“მივმართავ ყველას, ვინც ასეთ ანტიდემოკრატიულ ქმედებას სჩადის: გთხოვთ, პატივი სცეთ თქვენგან განსხვავებულ აზრს, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს თქვენთვის. სწორედ ეს არის დასავლური სტანდარტი.

ჩვენგან ბევრი საინტერესო საკითხი იქნება განხილული და ნერვებს გაუფრთხილდით. დარწმუნებული ვართ, ეს თქვენ არ მოგეწონებათ, მაგრამ არგებს ჩვენს სახელმწიფოს.

საქართველოს დასავლური კურსი შეუქცევადია და მჯერა, კიდევ ბევრი შემოგვიერთდება ჩვენი შვილების მომავლის გადასარჩენად”, — აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.

11 ივლისს “ქართული ოცნება” ახალციხისა და ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარეების მოადგილეებმა, ასევე, ჭიათურისა და თერჯოლის საკრებულოებში ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეების მოადგილეებმა დატოვეს.


„ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა — ხუნდაძემ, სუბარმა და ყაველაშვილმა რამდენიმე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელიც გაჯერებულია ანტიდასავლური კონსპირაციით, თითქოს, „დიდ ძალებს“ საქართველოს ომში ჩართვა სურთ.

მათ შორის, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩს ღია წერილი მისწერა კითხვებით, თუ რატომ არ გაემიჯნა კელი დეგნანი ოპოზიციონერებისა და არასამთავრობო სექტორის, ასევე, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების „ომში ჩართვისკენ მიმართული რიტორიკას“.

დეგნანმა თქვა, რომ ყაველაშვილის წერილი იმდენად სავსე იყო ტყუილებითა და შეთქმულების თეორიებით, რომ ბოლომდე ვერც წაიკითხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი