ახალი ამბები

პაპუაშვილის თქმით, საკრებულოებში ოცნებას “ღია დისკუსიის” გამო ტოვებენ

11 ივლისი, 2022 • 535
პაპუაშვილის თქმით, საკრებულოებში ოცნებას “ღია დისკუსიის” გამო ტოვებენ

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ სხვადასხვა საკრებულოს წევრები “ქართული ოცნებას” ღია დისკუსიის საჭიროების გამო ტოვებენ.

საუბარია ლაგოდეხის, ჭიათურის, თერჯოლისა და ახალციხის საკრებულოებზე, სადაც “ქართული ოცნების” წევრებმა მმართველი პარტია დატოვეს და მიზეზად,  სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის მსგავსად, “სიმართლის თქმა”დაასახელეს.

სამივე დეპუტატი მმართველი პარტიიდან „საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის“ მიწოდების საბაბით გავიდნენ და ანტიდასავლური რიტორიკა გაააქტიურეს.

თუმცა, შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, ხუნდაძე-ყაველაშვილ-სუბარის მხრიდან არანაირი ანტიდასავლური კამპანია არ არსებობს.

“არანაირი ანტიდასავლური კამპანია, მათ შორის, ამ ჩვენი სამი კოლეგის მხრიდან, არ არის და სასაცილოა, რომ ანტიდასავლურობა დააბრალო სოზარ სუბარს და პროდასავლურობა – ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელსა და სამოქალაქო აქტივისტს. სოზარ სუბარს ამ ქვეყანაში უფრო მეტი ევროპული საქმე აქვს გაკეთებული, ვიდრე არასამათავრობო ორგანიზაციების ნახევარზე მეტს. ასე რომ, საუბარი თითქოს რაღაც ანტიდასავლური კამპანიაა, სასაცილოა. მე რა განცხადებებიც ვნახე, ზუსტად იგივე მოტიცაცია იყო, რაც ჰქონდა ჩვენს სამ კოლეგას და ამ მოტივაციაში შეუერთდნენ. ასე რომ, აქ დამატებითი ახსნა საჭირო არ არის. საერთო ჯამში, ვფიქრობ, ჩვენი სამი კოლეგის განცხადებები იქნება თუ საკრებულოს წევრების, არის ღია საუბრის, ღია დისკუსიის და დიალოგის საჭიროების დანახვა. ესეც დემოკრატიული დისკუსიის ნაწილია. ადამიანი როდესაც საკუთარ შეფასებას აკეთებს, ამის დისკრედიტირება სხვადასხვა ეპითეტით, ნაცვლად იმისა, რომ ამაზე იყოს მსჯელობა, უკვე არადემოკრატიულია”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი