ახალი ამბები

თბილისის რიგით 25-ე ჯაზფესტივალი დაიწყო [ფოტორეპორტაჟი]

8 ივლისი, 2022 • 603
თბილისის რიგით 25-ე ჯაზფესტივალი დაიწყო [ფოტორეპორტაჟი]

გუშინ, 7 ივლისს, თბილისის რიგით 25-ე, საიუბილეო ჯაზფესტივალი დაიწყო.

ჯაზფესტივალის პირველი დღე სტუმრებისთვის დაიწყო „ჯაზსინემაში“ კახა თოლორდავას ფილმის ჩვენებით  „პირველ პირში – ერთი ფესტივალის ისტორია“. მაყურებელმა ასევე იხილა გრემის ჯილდოს მფლობელი ფილმი „ქვინსი“, სადაც ასევე გამოყენებული იყო 2016 წლის შავი ზღვის ჯაზფესტივალის ეპიზოდიც.

პარალელურად კი, სტუმრები „ჯაზლაბში“ კონსერვატორიის ჯაზფაკულტეტის სტუდენტების მიერ წარმოდგენილ კომპოზიციებს უსმენდნენ.

მოგვიანებით კი მთავარ დარბაზში „ვარსკვლავების სცენა“ ჰედლაინერების კონცერტი 5 გრემის მფლობელმა დაიანა რივსმა და მისი ბენდმა გახსნა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ პიანისტი ჯონ ბისლი, გიტარისტი რომერო ლუბამბო, ბასისტი იტაიგურა ბრენდაო და დრამერი ტერეონ გული.

დაიანა რივსის და მისი ბენდის შემდეგ კი „ჯაზლაბში“ მსმენელის წინაშე მუსიკოსი კარლო ქაინდი და ამერიკულ-ქართული ნუბობ კვინტეტი წარდგნენ.

წლევანდელი საიუბილეო ჯაზფესტივალის მასპინძელია “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი”.

ფესტივალის განმავლობაში, სასტუმროს ფოიეში მოწყობილია ფოტოგამოფენა, სახელწოდებით “როგორც მესმოდა…”, რომლის ავტორია ახალგაზრდა ფოტოხელოვანი თეიო. ასევე, ფესტივალის დღეებში დაგეგმილია კომპანია „აუდიო ლაბი“ ვინილების გამოფენა-გაყიდვა.

როგორც ჯაზფესტივალის ორგანიზატორმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, ფესტივალის პირველმა დღემ ძალიან კარგად ჩაიარა.

„თბილისის რიგით 25-ე, საიუბილეო ჯაზფესტივალის პირველი დღე დასრულდა. მე ვფიქრობ, აბსოლუტურად დაუვიწყარი კონცერტი იყო 5 გრემის მფლობელი დაიანა რივსის და ფანტასტიკური ბენდის. თავადაც ნახავდით დარბაზის რეაქციას, ხალხი არის აღფრთოვანებული, სტუმარი ვარკსვლავიც არის ძალიან ბედნიერი, ბენდის წევრები არიან ბედნიერები“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

თბილისის ჯაზფესტივალი 8 და 9  ივლისს გაგრძელდება, სადაც სტუმრებს დახვდებათ: მისტიკური პროექტი „ქროსქურენთს ტრიო“, რომელშიც ერთიანდება ჯაზის სამი შემსრულებელი: ბასისტი დეივ ჰოლანდი, საქსოფონისტი ქრის პოტერი და პერკუსიონისტი ზაქირ ჰუსეინი; ვიჯეი აიერი და მისი ტრიოს წევრები: ბასისტი ლინდა მეი ჰან ოუ და დრამერი თიშოუნ სორეი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი