ახალი ამბები

აჭარის მთავრობის კონკრეტული მოთხოვნები პრემიერ-მინისტრს

14 აპრილი, 2010 • 1314
აჭარის მთავრობის კონკრეტული მოთხოვნები პრემიერ-მინისტრს

 ქონების განკარგვა, სკოლის დირექტორების მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნა და  კულტურულ ძეგლებზე სტატუსის მოხსნა-მინიჭების უფლება – ეს ის საკითხებია, რომელთა გამოც ლევან ვარშალომიძემ პრემიერ-მინისტრი გააკრიტიკა. 

“ბათუმელებმა” აჭარის ორ სამინისტროს მიმართა იმ საკითხების დასაკონკრეტებლად, თუ რა დამატებით უფლებამოსილებას ითხოვს რეგიონის მთავრობა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ 12 აპრილს საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრ  ნიკა გილაურის მთავრობა იმის გამო გააკრიტიკა, რომ არ ხდება რეაგირება ავტონომიის მთავრობის თხოვნაზე “დამატებითი ადმინისტრაციული უფლებამოსილებების”  დელეგირებასთან დაკავშირებით.

“არის შემთხვევები, როცა აჭარის რომელიმე სამინისტრო ვერ იღებს უმარტივეს ტექნიკურ გადაწყვეტილებებს და ელოდება რომელიღაც თბილისელი ბიუროკრატის მიერ რომელიღაც მათთვის უცნობ დოკუმენტზე ხელმოწერას~ _ განაცხადა ვარშალომიძემ.

მისი თქმით, “გაუგებარია”, თუ რატომ დარჩა ნიკა გილაურისა და სამინისტროების მხრიდან უპასუხოდ პირადად მისი წერილები.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, სულხან ჯორთმენაძის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს აქვს ქონების მართვის ტერიტორიული ორგანოები საქართველოს ყველა  რეგიონში _ ქართლში, კახეთში, გურიაში…~ აჭარაში ასეთი ტერიტორიული სამმართველოები არ არის, რადგან აჭარაში არის ეკონომიკის სამინისტრო. გვინდა, აჭარაშიც იყოს ტერიტორიული სამსახური, რომელიც ადგილზევე აგვარებს საკითხებს. თუ დელეგირება ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ არ მოგვცა, ამის გარეშე არ გვაქვს უფლებამოსილება, რაღაცა განვკარგოთ. მაგალითად, თუ არის მოთხოვნა რომელიმე ობიექტის პრივატიზებასთან დაკავშირებით, შეთანხმების გარეშე ჩვენ ვერ გავასხვისებთ, გვინდა ეს უფლება მივიღოთ”.  

ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს მხედველობაში აქვს როგორც აჭარის, ასევე  ავტონომიაში შემავალი მუნიციპალიტეტების ქონება.

ჯორთმენაძის ინფორმაციით, აჭარაში არის ქონება, რომელიც არაა აღრიცხული და რომლის განკარგვის უფლება აჭარის ეკონომიკის სამინისტროს არ გააჩნია. ავტონომიის მთავრობა ასეთი ქონების განკარგვის უფლებასაც ითხოვს. 

აჭარის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი _ მათე ტაკიძე კი ითხოვს საჯარო სკოლებში დროებით დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის  უფლებამოსილების მინიჭებას. მისი აზრით, ეს იმისთვისაა საჭირო, რომ “პრობლემა მოგვარდეს დროულად და არ დარჩეს სკოლა დირექტორის გარეშე”.

განათლების შესახებ კანონით, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნიშნავს. `ბათუმელების~ კითხვაზე, თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ კონკრეტული მაგალითი, როცა ამან ზიანი მიაყენა სასკოლო საქმიანობას, მინისტრი გვირჩევს, რომ ეს კითხვა წერილობით, სამინისტროს იურიდიულ სამსახურში, მაია ჭიჭილეიშვილს გავუგზავნოთ: `იმის მიუხედავად,  რომ აჭარის განათლების მინისტრის წარდგინებით ნიშნავს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, გარკვეულ სირთულეებს წარმოადგენს ეს საკითხი. ჩვენ შეთანხმებულები ვართ (აჭარის განათლების სამინისტრო და საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო), რომ ეს დელეგირება მიიღოს აჭარის განათლების სამინისტრომ”.

გარდა ამისა მათე ტაკიძე ძეგლების სტატუსის მოხსნა-მინიჭების უფლებას ითხოვს. მისი აზრით, აჭარაში ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, “რომლებიც თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ასევე ბევრია ქრისტეშობის შემდეგ შექმნილი კულტურული ძეგლი, რომელიც ითხოვს გადარჩენას, სჭირდება რეაბილიტაცია და ეს ერთობლივად უნდა განვახორციელოთ. თუ ეს უფლებამოსილება ექნება ჩვენს სამინისტროს, აჭარის მთავრობა მზადაა, ასეთი ტიპის ძეგლებს რესტავრაცია ჩაუტაროს”.

საქართველოს მთავრობა დღეს აპირებს მოუსმინოს ლევან ვარშალომიძეს ამ საკიტებთან დაკავშირებით. ამის შესახებ პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა ოთშაბათს განაცხადა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი