ახალი ამბები

ივნისში რუსეთიდან 90 239 ვიზიტორი შემოვიდა – სტატისტიკა

6 ივლისი, 2022 • 1101
ივნისში რუსეთიდან 90 239 ვიზიტორი შემოვიდა – სტატისტიკა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განახლებული სტატისტიკით, 2022 წლის ივნისში ქვეყანაში რუსეთიდან 90 239 ადამიანი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 502.9%-ითაა გაზრდილი.

რაც შეეხება პანდემიამდელ პერიოდს, 2019 წლის ივნისში საქართველოში რუსეთიდან 152 155 საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, შესაბამისად, 2022 წლის ივნისის მაჩვენებელი 2019 წლის მონაცემზე 40.7%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება წინა თვის მონაცემებს, 2022 წლის მაისში, ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოში რუსეთიდან 51 561 პირი შემოვიდა. აღნიშნული წინა წლის მაჩვენებელზე 376.6%-ით მეტი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 70.1%-ით ნაკლებია.

ჯამში, 2022 წლის ივნისში საქართველოში 445,894 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2021 წლის ივნისის თვესთან შედარებით + 185.5% -ს შეადგენს, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი კი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 51% პროცენტს შეადგენს.

ტურიზმის ადმინისტრაციის განცხადებით, ივნისში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 302,602 შეადგინა, რაც + 126.7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის ივნისის თვის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 64.1 %-ით არის აღდგენილი.

მონაცემების მიხედვით, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 1,625,928 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის 6 თვის მონაცემებთან შედარებით +234.5% – ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღდგენამ 42.1% შეადგინა.

ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, 2022 წლის 6 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,209,272 შეადგინა, რაც + 186.3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 56.8%-ით არის აღდგენილი.

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის თანახმად, მოგზაური არის ნებისმიერი ასაკის პირი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით. ვიზიტორი არის 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი მოგზაური, რომელმაც განახორციელა ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან საქართველოს ტერიტორიაზე ერთ წელზე ნაკლები დროით (გარდა შემდეგი კატეგორიებისა: დასაქმების მიზნით ჩამოსულები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური ან საკონსულო ოფიცრები, შეიარაღებული ძალების წევრები ან მათ კმაყოფაზე მყოფი პირები, აგრეთვე პირები, რომლებიც ხშირად კვეთენ საზღვარს).

მასალების გადაბეჭდვის წესი