ახალი ამბები

„TV მონიტორინგის“ ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლაზე გამოძიება დაიწყო

5 ივლისი, 2022 • 390
„TV მონიტორინგის“ ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლაზე გამოძიება დაიწყო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, გამოძიება დაიწყო ქარელში, „TV მონიტორინგის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით.

უწყების ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით.

„ტვ მონიტორინგის“ ინფორმაციით, მის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ  „ალტ ინფოს“ მიერ დაფუძნებული „კონსერვატიული მოძრაობის“ მხარდამჭერები. ტელეკომპანიის ცნობით, შემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტში იმ დროს მოხდა, როდესაც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.

„თავს დაგვესხნენ ალტ-ინფოს მთვრალი მხარდამჭერები. სამნი იყვნენ, 60 წლამდე იქნებოდნენ. გვთხოვდნენ, საქმიანობა შეგვეწყვიტა და მათი მოთხოვნა, რომ არ შევასრულეთ, გადმოვიდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაზე. გვაგინეს და საშინელ სიტყვებს გვეძახდნენ. ჰქონდათ აპარატურის წართმევის მცდელობაც“, — ამბობს „ტვ მონიტორინგის“ ჟურნალისტი.

„ტვ მონიტორინგი“ პროფესიული ნიშნით განხორციელებული დევნის და ჟურნალისტის საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე შესაბამისი უწყებების მხრიდან რეაგირებას მოითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი