ახალი ამბები

გუშინ საბოლოოდ წაიშალა ზღვარი ენმ-სა და ყველაზე მდიდარ NGO-ებს შორის – კობახიძე

4 ივლისი, 2022 • 637
გუშინ საბოლოოდ წაიშალა ზღვარი ენმ-სა და ყველაზე მდიდარ NGO-ებს შორის – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გუშინ, 3 ივლისს გამართულ აქციაზე „შინ ევროპისკენ“ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ყველაზე მდიდარ“ NGO-ებს შორის ფორმალური ზღვარიც კი საბოლოდ წაიშალა.

მისი თქმით, გუშინ „რადიკალურმა ოპოზიციამ“ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ნამდვილი ანტისახელმწიფოებრივი ბუნება

გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოოდ ცხადყო ის, რასაც საზოგადოებას თავიდანვე ვპირდებოდით: ნაციონალურ მოძრაობას და მის სატელიტებს საქართველოში არეულობისა და რევოლუციის მოწყობის არავითარი რესურსი არა აქვთ.

საზოგადოებამ დაინახა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის ევროკავშირის კანდიდატობის თემა მხოლოდ მოგონილი შირმა იყო და სინამდვილეში, ისინი ამ თემის გამოყენებით საკუთარი ვიწროპოლიტიკური მიზნის მიღწევას – ხელისუფლების გადატრიალებასა და ძალაუფლების ხელახლა ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ[…]

გუშინ ცხადი გახდა, რომ ბაკურიანის გეგმა ჩავარდა და მას აღსრულება არ უწერია. ამ გეგმის განხორციელებას ესაჭიროებოდა ერთი მთავარი რამ – ხალხის მხარდაჭერა. ნაციონალური მოძრაობა, მისი ახალგაზრდული რადიკალური ფრთა „სირცხვილია“ და ნაციონალური მოძრაობის ენჯეოსატელიტები კი ამ მხარდაჭერას ვერასდროს მოიპოვებენ, რადგან მათ მხარეს არ არის სიმართლე“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის თქმით, ის, ვინც დაინტერესებულია მათ მიერ წარდგენილი გეგმით, თუ როგორ უნდა შესრულდეს ევროკომისიის რეკომენდაციები, ამ გეგმის რეალიზაციაში ჩაერთვება.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ 3 დღის წინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების დეტალური გეგმა. სამწუხაროდ, ამ გეგმას რადიკალურმა ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა ენჯეოებმა კვლავ დესტრუქციული ქმედებებით უპასუხეს. თუმცა ჩვენთვის მათი ქმედებები ვერც ერთი შემთხვევაში ვერ იქნება გეგმიდან გადახვევის მიზეზი.

ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს აწ უკვე ოფიციალურად აღიარებული ევროპული პერსპექტივის გასამყარებლად, „ქართული ოცნება“ ზედმიწევნით შეასრულებს თითოეულ პუნქტს, რისთვისაც ყველა საჭირო ნაბიჯი სათანადო ფორმატში და სათანადო ვადებში გადაიდგმება.

ვინც რეალურად არის დაინტერესებული საქართველოს მოსახლეობის 85%-ის ნების რეალიზაციით, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციით და ჩვენი ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებით, ბუნებრივია, ამ გეგმის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება“, – განაცხადა კობახიძემ.

გუშინ, 3 ივლისს, თბილისში აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი