ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევის რეჟიმის დევნილებს საქართველოდანაც დაიცავენ

26 ივნისი, 2022 • 1912
ალიევის რეჟიმის დევნილებს საქართველოდანაც დაიცავენ

ავტორი: ნიკა მუსავი


აზერბაიჯანელი პოლიტემიგრანტების “დისტანციური” დევნა – ეს არის პრობლემა, რომლის წინააღმდეგ საქართველოში დაფუძნებული კომიტეტი იბრძოლებს 

აზერბაიჯანელი პოლიტიკური ემიგრანტების დევნის გახშირებული ფაქტების ფონზე, აზერბაიჯანელ უფლებადამცველთა და აქტივისტთა ჯგუფმა დააფუძნა კომიტეტი ტრანსსასაზღვრო დევნისა და რეპრესიების მხვერპლთა დასაცავად, რომლის მიზანია ალიევის რეჟიმის დევნის შემთხვევების გამოძიება და მათ შესახებ ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელება. 

კომიტეტი შექმნილია უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინსტიტუტის ბაზაზე, რომელიც თავის მხრივ, 2018 წელს თბილისში უფლებადამცველისა და ჟურნალისტის, ავთანდილ მამედლის მიერ შეიქმნა.  მამადლი, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან ზეწოლისა და დევნის ობიექტი იყო, რამდენიმე წლის წინ აზერბაიჯანიდან საქართველოში ემიგრირდა. 

არააუსაფრთხო საზღვარგარეთი

უკვე რამდენიმე წელია ემიგრაცია იყო აზერბაიჯანელი დისიდენტებისთვის ყველაზე საიმედო საშუალება, აეცილებინათ რეპრესიები და უსაფრთხოდ ეცხოვრათ. 

თუმცა, მას შემდეგ, რაც 2017 წელს გამომძიებელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან ბაქოში გაიტაცეს და რამდენიმე წლით დააპატიმრეს, პოლიტემიგრანტების სიმშვიდეც დაირღვა.

შფოთვა კიდევ უფრო გაძლიერდა, როდესაც აღმოჩნდა, რომ უსაფრთხოდ  ვერ იქნებოდნენ არა მხოლოდ მეზობელ საქართველოში, არამედ – ევროპაშიც. სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან ვრცელდება ინფორმაცია აზერბაიჯანის ხელისუფლების მაკრიტიკებელ ბლოგერებსა და ემიგრანტებზე თავდასხმების შესახებ. 

ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ მრავალი შემთხვევა, როდესაც აქტივისტები და ბლოგერები ექსტრადირებული იყვნენ, ან შეეცადნენ მათ ექსტრადირებას მესამე ქვეყნების აეროპორტებიდან. 

უკანასკნელი ნახევარი წლის განმავლობაში ექვსი პოლიტიკური აქტივისტი, რომლებიც ცდილობდნენ გერმანიაში თავშესფრის მიღებას, უკან დააბრუნეს აზერბაიჯანში, სადაც სხვადასხვა ბრალდებით [ნარკოტიკით ვაჭრობა, ალიმენტის გადახდაზე უარის თქმა] პატიმრობა ელოდათ. 

ასევე, ზოგიერთისთვის ეჭვს იწვევს სამი აქტივისტის ტრაგიკული სიკვდილი: ბელგიაში- ვუგარ რზაევის, თურქეთში- ბაირამ მამედოვის, საქართველოში კი- ჰუსეინ ბაკიხანოვის.

პოლიციის ოფიციალური ვერსიით, სამივე შემთხვევა იყო სუიციდი, რაც აქტივისტებისთვის დამაჯერებლად არ ჟღერს. 

აზერბაიჯანის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს აღნიშნული დაკავებებისა და ექსტრადიციების პოლიტიკურ მოტივაციას, თავდასხმების ფაქტებზე კი საერთოდ არ აკეთებს კომენტარებს. 

იმას, რომ საზღვარგარეთ ემიგრანტები ისჯებიან “ზედმეტი გამოხატვისა” და პოლიტიკური აქტივიზმის გამო, მხოლოდ მათი ახლობლების, მეგობრების, უფლებადამცველებისა და რიგ გახმაურებულ შემთხვევებში, საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებებად რჩება.

ყურადღების მიპყრობა

სწორედ ამ საშიშ ტენდენციასთან ბრძოლას აპირებს ტრანსსასაზღვრო დევნისა და რეპრესიების მხვერპლთა დასაცავად შექმნილი კომიტეტი – პირველი აზერბაიჯანული უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომელიც სწორედ “დისტანციურ”  დევნაზე ფოკუსირდება. 

ავთანდილ მამედლის პარალელურად, მის საკოორდინაციო ჯგუფში შედიან ყოფილი პოლიტპატიმარი ფუად აჰმედლი და გულმირა ასლანოვა – პოლიტპატიმარი ჟურნალისტის, ფოლად ასლანოვის ცოლი. 

მამედლის თქმით, კომიტეტის საქმიანობის მთავარი მიმართულება იქნება აქტივისტების, დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და სხვა განსხვავებულად მოაზროვნე, ემიგრაციაში წასული ან აზერბაიჯანში დარჩენილი აზერბაიჯანელების დევნის შემთხვევების მაქსიმალურად ფართო გასაჯაროვება. 

ორგანიზაციის მთავარი მიზანი, როგორც მისი თანადამფუძნებელი  ამბობს, არის ის, რომ მიიქციონ საერთაშორისო უფლებადამცველი ორანიზაციების ყურადღება და დაარწმუნონ ისინი, ამ პროცსებში ჩაერიონ. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ამ გზით ხშირად შესაძალებელი ყოფილა რეპრესიების შეჩერება და დაკავებულების გათავისუფლება. როგორც, მაგალითად, აფგან მუხთარლის შემთხვევაში, როდესაც მისი გათავისუფლება საერთაშორისო დონეზე რეაგირების შედეგად მოხდა. ახლა მუხთარლი ოჯახით გერმანიაში ცხოვრობს და  სხვა თანამემამულე ემიგრანტების ბედზე ზრუნავს. 

“ჩვენ გამოვიძიებთ თითოეულ შემთხვევას, შევაგროვებთ მასალებს, რომელიც ამტკიცებს, რომ სახეზეა პოლიტიკური რეპრესია და ამას წარვუდგენთ საერთაშორისო საზოგადოებას, უფლებამდაცველ ორგანიზაციებს, გაეროს, ევროპის საბჭოს, ევროსასამართლოს”, – ამბობს მამედლი. 

კითხვაზე, რამდენად ეფექტური იქნება კომიტეტის საქმიანობა, მამადლი და მისი თანაგუნდელები იმედოვნებენ, რომ ნაწილობრივ მაინც დაეხმარება პრობლემის გადაჭრაში. 

ამასთან, უფლბადამცველი ხაზს უსვამს 1951 წელს მიღებულ გაეროს კონვენციას დევნილების სტატუსზე, რომლის თანახმად ქვეყნები, რომლებიც რატიფიცირებული არიან, უნდა უზრუნველყონ პოლიტიკური მიგრანტების უსაფრთხოება და არ დაუშვან მათი დეპორტაცია სამშობლოში, სადაც მათ საფრთხე ემუქრებათ. 

ვის ანაღვლებს ეს?

აზერბაიჯანში უფლებდამცველად ყოფნა,  როგორც მამადლი საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ამბობს, რთული საქმეა, რადგანაც სახელისუფლებო ორგანოები ცდილობენ ხელი შეუშალონ დამოუკიდებელი უფლებამდაცველების საქმიანობას. ხელისუფლებისადმი ლოიალური საერთაშორისო დონორები კი სხვადასხვა საბაბით მათ აღარ აფინანსებენ. 

2014 წელს აზერბაიჯანულ კანონმდებლობაში შეტანილი იყო ცვლილებები, რომლებმაც უფრო გაურთულეს აზერბაიჯანში მოქმედ არასამთავრობოებს დაფინანსების მიღება სხვა ქვეყნებიდან. სწორედ ეს პერიოდი მიიჩნევა ერთ-ერთ გარდამტეხ მომენტად, როდესაც დამოუკიდებელი არასამთავრობოებისა და მედიის საქმიანობა აზერბაიჯანში პარქტიკულად აიკრძალა. ზოგიერთი დაიხურა, ზოგიერთმა მიწისქვეშეთში გადაინაცვლა, საზღვარგარეთ აზერბაიჯანელი პოლიტ-ემიგრანტების რაოდენობა კი  საგრძნობლად გაიზარდა. 

ამასთან, რთულია თქმა, რამდენად აღელვებს აზერბაიჯანულ ფართო საზოგადოებას პოლიტიკური დევნა და ადამიანის უფლებები. ასეთ შემთხვევებზე, როგორც წესი, წერს მხოლოდ რამდენიმე დამოუკიდებელი ადგილობრივი და რეგიონული მედია. ამ საკითხებს განიხილავს სამოქალაქო საზოგადოების საკმაოდ ვიწრო წრე – აქტივისტები, ჟურნლიტები და ოპოზიციონერები. აზერბაიჯანული საზოგადოების უმრავლესობა დაკავებულია ყოველდღიური სოციალური თუ ეკონომიკური სახის პრობლემებით. 

2022 წლის დასაწყისიდან დღემდე ქვეყანაში გაიმართა რამდენიმე საპროტესტო აქცია, რომელიც ასე თუ ისე დაკავშირებული იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეთა შესაბამისი პენსიის  მიღებასთან. პენსიებთან დაკავშირებული სირთულეები აქვთ ყარაბაღის მეორე ომის მონაწილეებსაც.  

თუკი პოლიტიკით აზერბაიჯანის მოსახლეობა არაა დაინტერესებული, კორუფცია, უმუშევრობა, სოციალური დაცვის პრობლემა პრაქტიკულად ყველა მოქალაქეს ეხება პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად. იმის გააზრება კი, რომ სოციალურ და ეკონომიკურ სირთულეებზე საუბარი ადამიანის უფლებების ერთ-ერთი ფუნდამენტია, თითქმის არ არსებობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი