ახალი ამბები

სარჯველაძე სამხარაძის გინებას „ადამიანური სისუსტით“ ხსნის

4 ივლისი, 2022 • 469
სარჯველაძე სამხარაძის გინებას „ადამიანური სისუსტით“ ხსნის

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე თანაგუნდელ დიმიტრი სამხარაძის გინებას „ადამიანური სისუსტით“ ხსნის.

დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი  და რეგიონული მდივანია,  გუშინ, 3 ივლისს,  „ქართული ოცნების“ ოფისიდან აქციის „შინ ევროპისკენ“ მონაწილეებს და მიხეილ სააკაშვილს რამდენჯერმე აგინა.

სარჯველაძის თქმით, სამხარაძის გამოხატვის ფორმა მისთვისაც მიუღებელია და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე არ უნდა განზოგადდეს.

„გამოხატვის ის ფორმები, რომელსაც ბატონი დიმიტრი მიმართავდა, სიმართლე გითხრათ, არც ჩემთვის არის სასიამოვნო და მოსაწონი. მე არ მგონია, საფუძველი გქონდეთ, რომ ეს განაზოგადოთ „ქართული ოცნების“ პოზიციაზე და თუნდაც გამოხტვის ასეთი ფორმის გამართლებად ჩათვალოთ. ეს იყო გარკვეული ადამიანური სისუსტის გამოვლინება, რაც ვიხილეთ, არ იყო სასიამოვნო სანახავი ნამდვილად“, – განაცხადა სარჯველაძემ.

რაც შეეხება სამხარაძის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვებას, სარჯველაძის თქმით, პარლამენტში სამხარაძესთან ერთად ჯდომა უხერხულობას არ უქმნის.

„ვერ გეტყვით, რა იქნება ამასთან დაკავშირებით ზემოქმედების ფორმა[…] თუ მე მეკითხებით პარლამენტში გვერდიგვერდ ჯდომაზე, ნამდვილად არ მიქმნის დისკომფორტს ის, რომ პარლამენტში არჩეულ ადამიანებთან ერთად ვახორციელებდე მანდატს“, – განაცხადა სარჯველაძემ.


გუშინ, 3 ივლისს, მას შემდეგ, რაც აქციის „შინ ევროპისკენ“ მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლეს, დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ მომიტინგეებს რამდენჯერმე უშუალოდ ოფისიდანვე აგინა – ერთხელ აივნიდან, ხოლო მეორედ – ოფისის შესასვლელიდან, სადაც ამ მომენტისთვის ასობით პოლიციელი უკვე მობილიზებული იყო.

გინების ამსახველი ერთ-ერთი ვიდეო სამხარაძემ ფეისბუკზე თავადვე გამოაქვეყნა, თუმცა, მალევე წაშალა. მასში ისმის, რომ სამხარაძე აგინებს როგორც აქციის მონაწილეებს, ასევე მიხეილ სააკაშვილს.

დეპუტატმა დიტო სამხარაძემ მომიტინგეებს „ოცნების“ ოფისიდან რამდენჯერმე აგინა

მასალების გადაბეჭდვის წესი