ახალი ამბები

პროკურატურა: $2 მლნ-ის ლეგალიზების ტრანსნაციონალური დანაშაული გამოვავლინეთ

4 ივლისი, 2022 • 435
პროკურატურა: $2 მლნ-ის ლეგალიზების ტრანსნაციონალური დანაშაული გამოვავლინეთ

პროკურატურის ცნობით, ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინეს, რომლის ფარგლებშიც აშშ-ში რეგისტრირებულმა საწარმოს მფლობელმა და მისმა თანამზრახველებმა 2 000 000 აშშ დოლარი გაათეთრეს. ამის შესახებ განცხადება პროკურატურამ დღეს, 4 ივლისს გაავრცელა.

უწყების ინფორმაციით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ერთი ფიზიკური და სამი იურიდიული პირის მიმართ.

“გამოძიებით დადგენილია, რომ აშშ-ში რეგისტრირებული საწარმოს მფლობელმა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა, ე.წ. მაღალი რეპუტაციის მქონე იურიდიული პირის სახელით, კომუნიკაცია დაამყარეს ჰონგ-კონგში მოქმედი კომპანიის დირექტორთან და საყოველთაოდ ცნობილი საწარმოების აქციების შეძენის გზით, მომგებიანი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობაში დაარწმუნეს.

აღნიშნულის შედეგად, დაზარალებული კომპანიის საბანკო ანგარიშიდან აშშ-ში მართლსაწინააღმდეგო მიზნით დაფუძნებული საწარმოს საბანკო ანგარიშზე გადარიცხულ 13 329 181.71 დოლარს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ.

შემდგომში, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხები დაანაწევრეს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადარიცხეს. მათ შორის, 1 906 263.7 დოლარი ფიქტიური დანიშნულებით და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით საქართველოში, ბრალდებულის საკუთრებასა და მფლობელობაში არსებული სამი საწარმოს და მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშებზე გადმოირიცხა”, – ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული ქმედებით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაახლოებით 2 მილიონი აშშ დოლარი გაათეთრეს.

ამასთან, უწყების ცნობით, ყადაღა დაედო ბრალდებულის საწარმოების საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხების მნიშვნელოვან ნაწილს.

ბრალდებული ფიზიკური პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული 9-12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

პროკურატურის ცნობით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი