ახალი ამბები

ფინანსური პირამიდები Lyst და Tesla Media აღარ ფუნქციონირებს

2 ივლისი, 2022 • 4732
ფინანსური პირამიდები Lyst და Tesla Media აღარ ფუნქციონირებს

პლატფორმები Lyst და Tesla Video Media, რომელიც ე.წ. ფინანსური პირამიდის პრინციპით მუშაობდნენ, აღარ ფუნქციონირებს. Lyst-ში შექმნილი პრობლემების შესახებ შეტყობინებები მომხმარებლებს 29 ივნისს მიუვიდათ. შეტყობინებაში აღნიშნული იყო, რომ მის აღმოსაფხვრელად მომხმარებლებს დამატებით 200 აშშ დოლარი უნდა შეეტანათ. სოციალურ ქსელში შექმნილი ჯგუფებში მომხმარებლები წერენ, Lyst-მა ფუნქციონირება შეწყვიტა.

რაც შეეხება Tesla Video Media-ს, აღნიშნული პლატფორმის შემთხვევაში მომხმარებლები სპეციალური ანგარიშებიდან თანხის გატანას უკვე რამდენიმე დღეა ვერ ახერხებენ.

Tesla Video Media-მ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა განცხადება, სადაც ეწერა, რომ თანხის გატანასთან დაკავშირებული პრობლემა 72 საათში უნდა აღმოფხვრილიყო, თუმცა ასე არ მოხდა, რის გამოც მომხმარებლები ფიქრობენ, რომ პროგრამა გაუქმდა.

უკვე 2 ივლისისთვის Tesla Video Media-ს ვებსაიტი გათიშულია.

ორივე პლატფორმის შემთხვევაში მომხმარებლები გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ [ასობით აშშ დოლარი], ყიდულობდნენ ონლაინ ანგარიშს, რომელზეც იღებდნენ დავალებებს, მათი შესრულების შემდეგ კი თანხის გამომუშავება შეეძლოთ. დამატებითი მომხმარებლების მოწვევის შემთხვევაში, მათთვის ერთ დავალებაზე თანხის გამომუშავების კოეფიციენტი იზრდებოდა.

Tesla Media საქართველოს გარდა სხვა ქვეყნებშიც ფუნქციონირებდა, მათ შორის, თურქეთში, ყაზახეთში, უზბეკეთში, რუმინეთსა და აზერბაიჯანში. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მიმდინარე წლის ივლისისთვის მომხმარებლების რაოდენობა 2 მილიონ გადააჭარბებდა.

Google Trend-ის მიხედვით, Tesla Media-თ da Lyst-ით დაინტერესების მხრივ საქართველო პირველ ადგილზეა და პირველის შემთხვევაში, დაახლოებით, 97 ერთეულით უსწრებს აშშ-ს, რომელიც ამ რეიტინგში მეორე ადგილზეა, Lyst-ის შემთხვევაში კი 55 ერთეულით უსწრებს ისლანდიას, რომელიც აღნიშნულ რეიტინგში მეორე ადგილზეა. Google Trend ზომავს მონაცემებს, თუ რამდენად ხშირად ეძებენ ამა თუ იმ საკითხზე მომხმარებლები ინფორმაციას.

ასევე, საგრძნობლად დაიკლო Stepn ტოკენის ფასმაც. Step’n პირველი Move to Earn (იმოძრავე, რომ გამოიმუშაო) აპლიკაციაა, სადაც მოთამაშეები სრულად ფლობენ თამაშში არსებულ აქტივებს, რომელთა გაცვლაც შესაძლებელია კრიპტო ან სხვა ვალუტაში.

Step’n-ის შემთხვევაში ფულის გამომუშავება დამოკიდებულია გადაადგილებაზე. აღნიშნული აპლიკაცია რამდენიმე თვის წინ განსაკუთრებით აქტუალური იყო საქართველოში და მასში ათასობით ადამიანი იყო ჩართული.

მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში ერთი GST-ის ღირებულება [ტოკენი, რომელსაც Stepn-ის მომხმარებლები გამოიმუშავებენ] 9 აშშ დოლარსაც აღწევდა, მაისში მისი ფასი განახევრდა, ამჟამად კი ერთი GST 0.12 ცენტს შეადგენს.

“ნეტგაზეთი” Step`n-თან დაკავშირებით მაისში წერდა. სტატიის რესპონდენტი, “ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორი, ნანა დიხამინჯია განმარტავდა, რომ Step’n პირდაპირი გაგებით ფინანსური პირამიდა არ იყო, თუმცა მის ნიშნებს შეიცავდა.

დიხამინჯია ასევე აცხადებდა, რომ განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობა ხშირად განაპირობებს მსგავსი ტიპის პროექტებში ჩართვის მაღალ მაჩვენებელს.

“განვითარებულ ქვეყნებში ადამიანებს ისე არ უჭირთ, რომ ამით გამდიდრებაზე იფიქრონ და მათთვის ამ ტიპის შემოსავალი იმხელაც არ არის. ასევე, თუკი ადამიანს აქვს რაიმე ტექნოლოგიური ცოდნა მაინც, მისთვის გაცილებით მეტი სამსახური არსებობს. ამიტომ მგონია, რომ საქართველოში უფრო “წამოვეგებით” მსგავს რაღაცებს”, – ამბობდა ის.

ამავე თემაზე ვრცლად ნახეთ: რა არის Step’n ბოტასი და ღირს თუ არა მასში ინვესტირება

მასალების გადაბეჭდვის წესი