კრიპტოპლატფორმა „ფორსაჟის“ თანადამფუძნებელი ვლადიმერ (ლადო) ოხოტნიკოვი, რომელსაც შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისია (SEC) თაღლითობაში ადანაშაულებს, აცხადებს, რომ კომისია მას ცილს სწამებს და „ფორსაჟი პირამიდა არ არის“.
„SEC-ს შეცდომაში შეჰყავს ხალხი. რასაც ამბობენ ჩემზე, ცილისწამებაა. მე მათ ვადანაშაულებ ჩემს დეფამაციაში“, – აცხადებს ლადო ოხოტნიკოვი ვიდეომიმართვაში, რომლითაც პლატფორმის მომხმარებლებს მიმართავს.
ოხოტნიკოვის თქმით, ამჟამად, „თანადამფუძნებლებთან ჩამოშორების შემდეგ“, არაფერი აქვს საერთო „ფორსაჟთან“, თუმცა მაინც იცავს ამ პლატფორმას და ამტკიცებს, რომ „ფორსაჟი“ „ღიაობის და გამჭვირვალობის პრინციპზეა დაფუძნებული“.
იგი ასევე ამბობს, რომ წლებია, SEC „კრიპტოვალუტის წარმატებულ პროექტებს ებრძვის“.
„თაღლითური გეგმა? ეს ცილისწამებაა.. SEC-ს შეცდომაში შეჰყავს [ადამიანები], როცა აცხადებს, რომ „ფორსაჟს“ ინვესტორები ჰყავს. რეალურად, „ფორსაჟის“ წევრები არ არიან ინვესტორები, და უსაფუძვლოა ამ ხალხის „მსხვერპლებად“ და „დამნაშავეებად“ დაყოფა. ფორსაჟი არ არის საინვესტიციო პროექტი, ესაა დეცენტრალიზებული ბიზნესის ქსელური მარკეტინგის სისტემა… ყოველი მონაწილე ხსნის თავის დეცენტრალიზებულ ბიზნესს. საქმე ისაა, როგორ გამოიყენებს ესა თუ ის ადამიანი ამ შესაძლებლობას.
დიახ, არიან წარმატებული და წარუმატებელი მონაწილეები, როგორც ნებისმიერ ბიზნესში. გამოდის, რომ SEC წარმატებულებს დამნაშავეებად აცხადებს, წარუმატებლებს კი – მსხვერპლებად. არადა, წარმატების შესაძლებლობა ყველასთვის ერთნაირია. მართალია, რომ გარკვეული ელემენტი არის იღბალი, მაგრამ იგივე არ ხდება ნებისმიერ ბიზნესში“? – აცხადებს იგი.

რა ხდება?
შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელმა კომისიამ (SEC-მა) $300-მილიონიანი კრიპტო-პირამიდის შექმნის, თაღლითურად ამუშავებისა და მისი მუშაობის ხელშეწყობის ბრალდებით 11 პირს წარუდგინა ბრალი, მათ შორის, ლადო ოხოტნიკოვს.
ბრალდების თანახმად, ბრალდებულებმა შექმნეს ვებსაიტი Forsage.io და ამავე დასახელების („ფორსაჟი“) ყალბი კრიპტო-პირამიდის სქემა, რომლითაც მსოფლიოს მასშტაბით 300 მილიონი აშშ დოლარის მობილიზება მოახერხეს ინვესტორებისაგან.
ბრალდებულებს შორისაა „ფორსაჟის“ ოთხი დამფუძნებელი, რომლებიც, კომისიის უკანასკნელი ცნობების თანახმად, ცხოვრობდნენ რუსეთში, საქართველოსა და ინდონეზიაში.
რა არის „ფორსაჟი“?
უწყების განცხადებით, ვებსაიტის საშუალებით (forsage.io), – რომელიც 2020 წელს დააფუძნეს ვლადიმერ ოხოტნიკოვმა, „ლოლა ფერარიმ“ (მისი ზუსტი ვინაობა უცნობია), მიხაილ სერგეევმა და სერგეი მასლაკოვმა, – ინვესტორები ახორციელებდნენ ტრანზაქციებს „ეთერიუმზე“, „ტრონსა“ და „ბინანსზე“ (ღია პროგრამულ პლატფორმებზე, რომლებიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული).
თუმცა, SEC-ის განცხადებითვე, „ფორსაჟი“ მოქმედებდა ე.წ. პირამიდის პრინციპით – ინვესტორები მოგებას ნახულობდნენ სქემაში სხვა ადამიანების ჩართვის გზით; ძველი ინვესტორებისთვის თანხის გადახდა კი ახალი ინვესტორების მიერ შემოტანილი თანხით ხდებოდა.
SEC წერს, რომ ერთი მხრივ, ფილიპინების მარეგულირებლის, მეორე მხრივ კი, აშშ-ის შტატ მონტანას ადგილობრივი მარეგულირებლის გაფრთიხლებების მიუხედავად, ბრალდებულებმა გააგრძელეს ამ სქემის ოპერირება და ბრალდებები უარყვეს.
„ფორსაჟი არის პირამიდისა და თაღლითური სქემის კლასიკური მაგალითი. ის არ ყიდდა რაიმე რეალურ, მოხმარებად პროდუქტს მომხმარებლებზე … და არ ჰქონია სხვა შემოსავლის წყარო, გარდა ინვესტორებისგან მიღებული თახნისა. ძირითადი გზა, რითაც ინვესტორები თანხას შოულობდნენ, იყო სხვა პირთა სქემაში ჩართვა“, – წერს SEC.
ფილიპინების ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისია ჯერ კიდევ 2020 წელს აფრთხილებდა მოსახლეობას, რომ „ფორსაჟი“ პირამიდა და თაღლითური სქემა იყო, თუმცა დამფუძნებლები ამას მაშინაც უარყოფდნენ.

ვინ არის ლადო ოხოტნიკოვი
იმ დამფუძნებლის ვინაობა, რომელიც, SEC-ის ინფორმაციით, საქართველოში ცხოვრობდა, არის ვლადიმერ (ლადო) ოხოტნიკოვი.
ოხოტნიკოვი 1978 წლის 17 მარტს დაიბადა ყაზახეთში (იგი 44 წლისაა), გაიზარდა თათრეთში (რუსეთში), ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა მოსკოვში, შემდეგ კი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა.
იგი რუსეთის მოქალაქეა.
2021 წელს ოხოტნიკოვმა 2 მშენებარე ბინა (137 და 425 კვადრატული მეტრი ფართობის), 4 ავტოსადგომი და 30 კვადრატული მეტრის ფართობის აუზი იყიდა ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე, „ნამაი ვაკეში“ (კუს ტბის აღმოსავლეთით, – ეს კორპუსი ბოლო წერტილია ვარაზის ხეობაში, – ნინო ჟვანიასა და რევაზ ჯაფარიძის ქუჩების ერთგვარი გაგრძელება).
ოხოტნიკოვის ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია, თუმცა SEC-ის დოკუმენტების მიხედვით, „ვარაუდობენ, რომ ის საქართველოში ცხოვრობს“.
SEC ილინოისის სასამართლოსგან ითხოვს, დაავალდებულოს ბრალდებულები, გადაიხადონ ის თანხა, რაც უკანონო ქმედებებით მოიპოვეს, გადაიხადონ SEC-ის მიერ დაწესებული ჯარიმები და „აეკრძალოთ ის საქმიანობა, რასაც ახორციელებენ“.
ამ ეტაპზე SEC მოპასუხეების პატიმრობას არ ითხოვს, თუმცა სასამართლოს მიმართავს, რომ არ შემოიფარგლოს მათი მოთხოვნებით და თუკი ამას საჭიროდ ჩათვლის, სხვა სასჯელიც განსაზღვროს.







