ახალი ამბები

“შინ ევროპისკენ” წარმომადგენლებზე თავდასხმა დანაშაულის ნიშნებს შეიცავს – არასამთავრობოები

30 ივნისი, 2022 • 673
“შინ ევროპისკენ” წარმომადგენლებზე თავდასხმა დანაშაულის ნიშნებს შეიცავს – არასამთავრობოები

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით,   მოძრაობის “შინ ევროპისკენ” წარმომადგენლებზე თავდასხმისა და მათთვის ხელის შეშლის ფაქტები სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა(IDFI) და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ.

„3 ივლისის აქციის ორგანიზატორებისა და მხარდამჭერი პირების საინფორმაციო შეხვედრებზე თავდასხმები აშკარად ატარებს კოორდინირებულ ხასიათს და შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს 3 ივლისის აქციის ორგანიზატორებისა და მხარდამჭერთა საზოგადოებრივი კამპანიების მშვიდობიანი წარმართვა. სამინისტრომ უნდა განახორციელოს კანონით გათვალისწინებული პრევენციული და შემდგომი რეაგირების ღონისძიებები, რათა არ დაუშვას 3 ივლისის აქციის ფონის დამძიმება და ძალადობის წახალისება.

მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 153-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე“, – აცხადებს IDFI.

საია კი მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს მისი მხარდამჭერების მობილიზება, რაც ორგანიზაციის თქმით, ემსახურება მოძრაობის შინ ევროპისკენ” წარმომადგენლების კონსტიტუციური უფლების შელახვას.

„საია გმობს მოძრაობის “შინ ევროპისკენ” წარმომადგენლებზე თავდასხმისა და მათთვის ხელის შეშლის ფაქტებს. ამავდროულად, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, გაატარონ პრევენციული ღონისძიებები მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად და გამოიძიონ თავდასხმის შემთხვევები“, – აცხადებს საია.

მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ აცხადებს, რომ დღეს, 30 ივნისს, მათი შეხვედრების ჩაშლა საჯარო მოხელეებმა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა 6 ქალაქში სცადეს.

კერძოდ, მოძრაობის „შინ ევროპისკენ“ წარმომადგენლებს და ოპოზიციის წევრებს, რომლებიც ევროკავშირთან დაკავშირებით რეგიონებში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ, აგრესიულად განწყობილი ადამიანები ხვდებიან და თავს ესხმიან.

როგორც მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ აცხადებს, დღეს, 30 ივნისს, მათ წარმომადგენლებს თელავში, ხონში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში წინასწარი დაანონსებულ შეხვედრებში ხელი შეუშალეს და მათი ჩაშლა სცადეს.

დღესვე თავს დაესხნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებისას.

როგორც მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ აცხადებს, აგრესიულად განწყობილ ადამიანებს შორის არიან მმართველი პარტიის მხარდამჭერები და საჯარო მოხელეები.

თუმცა „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფენ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს,  „ქართულ ოცნებას“ მხარს მილიონი ადამიანი უჭერს და  „ლოკალურ ინციდენტების“ მმართველი პარტიისთვის დაბრალება პოლარიზაციის ერთ-ერთი ნაწილია.


3 ივლისს თბილისში დაანონსებული აქციის წინ, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ ევროკავშირში საქართველოს წევრობის მნიშვნელობასა და ამ მიზნით რეფორმების იმ 12 პუნქტის შესრულების აუცილებლობაზე, რაც ჩვენს ქვეყანას წევრობის სტატუსის მისაღებად ევროსტრუქტურებმა წლის ბოლომდე განუსაზღვრეს. ჩვენ არ გვჯერა, რომ მთავრობა ამ რეკომდენდაციებს შეასრულებს, ამიტომ ვითხოვთ, ეს მისია იკისროს „ეროვნული თანხმობის მთავრობამ – ევროკავშირისთვის“.

მასალების გადაბეჭდვის წესი