ახალი ამბებიკომენტარი

ნიდერლანდების ელჩი პრაიდზე: ყველა ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული

30 ივნისი, 2022 • 2369
ნიდერლანდების ელჩი პრაიდზე: ყველა ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული

ნიდერლანდების ელჩი საქართველოში მააიკე ვან კოლდამი თბილისი პრაიდის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებას დაესწრო, სადაც ისაუბრა ლგბტქ+ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი) ადამიანთა უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე.

როგორც ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, ნიდერლანდების სამეფო მხარს უჭერს ლგბტქ+ ადამიანთა უფლებების დაცვას როგორც საქართველოში, ისე დანარჩენ მსოფლიოში. მან ისაუბრა ამ მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციების მხარდაჭერის შესახებაც.

„ყველას უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული, ყველას უნდა შეეძლოს ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობა, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაშია ჩაწერილი“, —  აღნიშნა მააიკე ვან კოლდამმა.

ელჩს ასევე ჰკითხეს იმ ვალდებულებებზე, რაც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.

„როგორც ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მიცემულ 12-პუნქტიან რეკომენდაციებშია აღნიშნული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოწყვლადი ჯგუფების დაცვა. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მსგავსი ღონისძიებები [ პრაიდის კვირეული] კარგად უნდა იყოს დაცული და მე ვხედავ, რომ ჯერჯერობით უსაფრთხოება კარგად არის დაცული ღონისძიებაზე.

ასევე მნიშვნელოვანია ზოგადად არა მხოლოდ დაცვა, არამედ ყველა მოწყვლადი ჯგუფის, მათ შორის, ლგტბქ+ უფლებებზე ცნობიერების ამაღლება“, — უთხრა ჟურნალისტებს ნიდერლანდების ელჩმა.

თბილისის პრაიდის კვირეული თბილისში დახურულ სივრცეებში იმართება. უკვე წლებია ლგბტქ+ ადამიანები კვირეულის აღნიშვნას ღია სივრცეებში თავისუფლად ვერ ახერხებენ ძალადობრივი ჯგუფებისგან მომდინარე საფრთხის გამო. გასული წლის 5 ივლისს პრაიდის წინააღმდეგ ორგანიზებულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადეს მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენლებზე, რომლებიც სწორედ პრაიდის გაშუქებას აპირებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ადამიანი პასუხისგებაში მიცეს, ორგანიზატორები ამ დრომდე არ არიან დაკავებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი