ახალი ამბები

ყვარელში შეხვედრის ჩაშლაში საჯარო მოსამსახურეები და პოლიციის უფროსი მონაწილეობდნენ — ჯაფარიძე

30 ივნისი, 2022 • 564
ყვარელში შეხვედრის ჩაშლაში საჯარო მოსამსახურეები და პოლიციის უფროსი მონაწილეობდნენ — ჯაფარიძე

„ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის ინფორმაციით, ყვარელში პარტიის ამომრჩევლებთან შეხვედრის ჩაშლაში საჯარო მოხელეები და პოლიციის უფროსი მონაწილეობდნენ.

ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ დაგვხვდა „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული, აგრესიულად განწყობილი ჯგუფი. ყველანი არიან იდენტიფიცირებული. ესენი არიან საჯარო სამსახურის თანამშრომლები და „ქართული ოცნების“ შტაბის აქტიური წევრები. სამწუხაროდ, ამ ჯგუფში, ასევე, იმყოფებოდა პოლიციის უფროსი. ის, რაც ამ ადამიანებმა ჩაიდინეს, არის სისხლის სამართლის დანაშაული, იმიტომ, რომ ხელი შეუშალეს ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობას“, — განაცხადა ჯაფარიძემ.

„ლელოს“ ცნობით, გუშინ, 29 ივნისს ხელისუფლების მიერ ორგანიზებულმა ჯგუფმა პარტიას საშუალება არ მისცა, ყვარელში პოლიტიკური შეხვედრა ჩაეტარებინა.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერს, გივი ზაუტაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა.

სამუშია: ყვარელში ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ჯგუფი დაგვიპირისპირდა

გუშინ ინციდენტი მოხდა ოზურგეთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, შეხვედრების გამართვის საშუალება არ მისცეს ხელისუფლების მიერ ორგანიზებულმა ჯგუფებმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი