ახალი ამბები

სამუშია: ყვარელში ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ჯგუფი დაგვიპირისპირდა

29 ივნისი, 2022 • 916
სამუშია: ყვარელში ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ჯგუფი დაგვიპირისპირდა

პარტია ლელოს წევრის, ლევან სამუშიას განცხადებით, ხელისუფლების მიერ ორგანიზებულმა ჯგუფმა პარტიას საშუალება არ მისცა, ყვარელში პოლიტიკური შეხვედრა ჩაეტარებინა.

ყვარელში იმყოფებოდა პარტიის კიდევ ერთი წევრი ბადრი ჯაფარიძეც.

ლევან სამუშიას თქმით, ჯგუფი, რომელიც მას ხელს უშლიდა, საჯარო მოხელეებისა და „გადაცმული პოლიციელებისგან“ შედგებოდა.

სამუშია ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ პოლიტიკური ღონისძიების ხელშეშლა პირდაპირ არის სისხლის სამართლის დანაშაული.

„გვითხრეს, რომ ომი გვინდა და ამის უფლებას არ მოგვცემენ. ჩვენ პროვოკაციას არ წამოვეგეთ.

მთავარი ისაა, რომ პოლიცია, რომელიც იქვე იყო მობილიზებული, საკუთარ უფლებამოსილებას არ ასრულებდა.

ეს არის დაორგანიზებული ხელისუფლების მხრიდან. ისინი აგონიაში არიან, არიან შეშინებული და ყოველგვარ ზღვარს გადადიან“, – განუცხადა სამუშიამ ნეტგაზეთს.

ვიდეო ყვარლიდან, რომელსაც სამუშია სოციალურ ქსელში ავრცელებს

სამუშიას განცხადებით, ფაქტის გასაჯაროება უკვე არის გამოძიების დაწყების საფუძველი.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერს, გივი ზაუტაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა.

დღეს ინციდენტი მოხდა ოზურგეთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, შეხვედრების გამართვის საშუალება არ მისცეს ხელისუფლების მიერ ორგანიზებულმა ჯგუფებმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი