ახალი ამბები

რა დროს რაღაც მთავრობის შექმნაა, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს – ელისაშვილი

28 ივნისი, 2022 • 826
რა დროს რაღაც მთავრობის შექმნაა, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს – ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ არასერიოზულად მიაჩნია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომისა და ეროვნული ერთობის მთავრობის [ე.წ. ტექნიკური მთავრობის] შექმნის მოთხოვნა.

ამით ის გამოეხმაურა სახალხო მოძრაობის, „შინ ევროპისკენ“ მოთხოვნას.

ელისაშვილის თქმით, ასეთ მთავრობას ლეგიტიმაცია არ აქვს.

„ეს დროებითი და ტექნიკური მთავრობის მოთხოვნა და ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნა არასერიოზულად მიმაჩნია[…] რა დროს რაღაც მთავრობის შექმნაა, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს. მიტინგზე გადაწყვიტა ხუთმა კაცმა, რომ მთავრობა შექმნას?! ასე არ ხდება მთავრობის ფორმირება. ანა-ბანა არის პოლიტიკური მეცნიერებების, რომ მთავრობას აკომპლექტებს ის, ვინც არჩევნებში მიიღებს უმრავლესობას[…]

ერთ ნაწილს საზოგადოების ჰგონია, რომ ღარიბაშვილს გადააყენებენ, თვითონ მთავრობას დააკომპლექტებენ და იქნებიან პრემიერ-მინისტრები და მინისტრები. ეს რეალური ჰგონიათ და დეოლიგარქიზაცია და ნორმალური სასამართლო რომ გვქონდეს და დეპოლარიზაციას მივაღწიოთ, ეს ჰგონიათ მიუღწეველი?!”- განაცხადა ელისაშვილმა.


24 ივნისს გამართულ აქციაზე სახალხო მოძრაობის „შინ ევროპისკენ“  წარმომადგენლებმა მთავარი მოთხოვნა წამოაყენეს – ერთი კვირის ვადაში გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც შეასრულებს ევროკავშირის 12 მოთხოვნას, სანამ ზამთარი მოვა“.

„სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა თქვა, რომ 3 ივლისს საქართველოს ყველა რეგიონიდან დაიძვრება ხალხი და პარლამენტთან გაიმართება კიდევ ერთი აქცია.

„და დავრჩებით აქ და არ დავიშლებით, სანამ არ დაიშლება ოლიგარქია!“ — თქვა შოთა დიღმელაშვილმა.

დიღმელაშვილის თქმით, საქართველოს დეოლიგარქიზაცია ვერ მოხდება, თუ არ გადადგება მთავრობა. ასევე, დეოლიგარქიზაციის გარეშე საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი.

ეროვნული თანხმობის ტექნიკური მთავრობა — რას ნიშნავს ეს?

მასალების გადაბეჭდვის წესი