ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“საქართველოში მეტნი არიან ისინი, ვინც ომის წინააღმდეგია” – სოხუმი

28 ივნისი, 2022 • 2564
“საქართველოში მეტნი არიან ისინი, ვინც ომის წინააღმდეგია” – სოხუმი

აფხაზური მხარე საუბრობს საქართველოს გაზრდილ სამხედრო შეიარაღებასა და აფხაზეთისთვის შესაძლო საფრთხეებზე.

“ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ საქართველო საკუთარი ტერიტორიული საკითხების გადაჭრას მშვიდობიანი გზით  შეეცდება. ამის მიუხედავად, საქართველოში მეტნი არიან ისინი, ვინც ომის წინააღმდეგია, მაგრამ როგორც წარსულის გამოცდილება გვაჩვენებს, ასეთი ადამიანები ყოველთვის ვერ ახდნენ გავლენას სიტუაციაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შექმნილ ვითარებაში უნდა გავაკეთოთ – მზად გვქონდეს იარაღი და პანიკის გარეშე ვიცხოვროთ. იარაღის ხელში აღებამდე კიდევ არსებობს დიპლომატიური შეთანხმების შესაძლებლობა”, – განაცხადა საერთაშორისო საკითხებში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწემ, მაქსიმ ღვინჯიამ მოსკოვთან ტელეხიდის დროს.

ამასთან, მისი თქმით, ამ კონტექსტში გასათვალისწინებელია თურქეთის ფაქტორიც.

“თურქეთი და საქართველო მჭიდროდ ურთიერთობენ ბიზნესისა და თურქული ინვესტიციების კუთხით. თურქეთი დაინტერესებულია იმაში, რომ საქართველოში იყოს უსაფრთხოება და სტაბილურობა. არ ვფიქრობ, რომ სამხედრო ოპერაციის დაწყებით თურქეთის მხარდაჭერას მიიღებს. აი, ევროპისა და აშშ-სგან კი დახმარებას ნამდვილად მიიღებს”.

საქართველოს გაზრდილ შეარაღებაზე ისაუბრა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძნიბას მოადგილემ, ირაკლი ტუჟბამაც.

“უკანასკნელ პერიოდში საქართველომ გაზარდა იარაღისა და უპილოტო აპარატების წარმოება და სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამხედრო წარმოების კუთხით ყველაზე მოწინავე ქვეყანა გახდა. კარგად გვესმის, რომ ყველა ეს ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ტერიტორიული პრეტენზიები ძალის გამოყენებით გადაჭრან”, – განაცხადა ტუჟბამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი