ახალი ამბები

“მაქსიმუმ 10 ათასი ადამიანის მოყვანა შეუძლიათ” – კობახიძე 3 ივლისის აქციაზე

27 ივნისი, 2022 • 3318
“მაქსიმუმ 10 ათასი ადამიანის მოყვანა შეუძლიათ” – კობახიძე 3 ივლისის აქციაზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციას აქციებზე მაქსიმუმ 10 ათასი ადამიანის მიყვანა შეუძლია. ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის” ეთერში დღეს, 27 ივნისს ისაუბრა.

კობახიძემ ასევე სიცრუე უწოდა ჟურნალისტის სიტყვებს, რომლის თანახმადაც 20 ივნისს ჩატარებულ აქციაზე 160 ათასი ადამიანი იყო შეკრებილი:

“[20 ივნისს 160 ათასი ადამიანის აქციაზე ყოფნა] ისეთი ტყუილია, რომ არ ვიცი. 100 ათასიც ტყუილია. მაგ რაოდენობაში მე არ შევალ, მაგრამ რაც შეეხება პირველ აქციას [20 ივნისი], პირველი აქცია ევროპის იდეის გარშემო იყო ჩატარებული, მიუხედავად იმისა, რომ ნაცმოძრაობა იყო ორგანიზატორი, კერძოდ, მისი ახალგაზრდული ფრთა “სირცხვილია”.

ეს იყო ევროპის იდეის გარშემო აქცია, როგორც კი გადაიყვანეს ეს ყველაფერი პოლიტიკური მოთხოვნებში, ნახეთ, რომ 10 ათას კაცამდე დავიდა მთლიანად აქციის შემადგენლობა. ამდენიც შეიძლება არ დარჩეს [3 ივლისის აქციაზე], 10 ათასი ადამიანია მაქსიმუმი, რისი მოყვანაც მათ შეუძლიათ”, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, აქციის ორგანიზატორებს “თავიანთი პოლიტიკური მოთხოვნებით” არ აქვთ საკმარისი რესურსი, რომ “თუნდაც სანახევროდ შეავსონ” თავისუფლების მოედანი.

“ჩვენ რომ მოვინდომოთ აქციის ჩატარება, გადავავსებთ თავისუფლების მოედანს და იმის იქით, ხომ? ძალიან მარტივადაა საქმე, თუმცა ამ პაექრობაში შესვლას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ”, – აღნიშნა მან.


20 ივნისს თბილისში გაიმართა ევროკავშირის მხარდამჭერი მრავალათასიანი აქცია – „შინ ევროპისკენ“. ნეტგაზეთის გამოთვლით, აქციაზე მინიმუმ 120 ათასი ადამიანი იყო, მაქსიმუმ – 160 000.

აქციამდე მმართველი გუნდის წარმომადგენლები მას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აკავშირებდნენ. თუმცა მას შემდეგ, რაც აქცია ბოლო ათწლეულში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა, ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკა ნაწილობრივ შეიცვალა და აცხადებდნენ, რომ აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები უნდა გაიმიჯნონ, რადგან აქციაში მათი მხარდამჭერებიც მონაწილეობდნენ, ხოლო ორგანიზატორი იყო მათ მიერ ენმ-ის ფრთად მოხსენიებული „სირცხვილია“.

თბილისში აქცია გაიმართა 24 ივნისსაც,  რომელშიც, ნეტგაზეთის გამოთვლით მინიმუმ 60 000 ადამიანი მონაწილეობდა, საშუალოდ — 70 000, მაქსიმუმ კი — 80 000.

მასალების გადაბეჭდვის წესი