ახალი ამბები

კონსტიტუციური წესრიგიდან გადახვევას გვთავაზობენ, ამას არ დავუშვებთ – კობახიძე ტექნიკურ მთავრობაზე

27 ივნისი, 2022 •
კონსტიტუციური წესრიგიდან გადახვევას გვთავაზობენ, ამას არ დავუშვებთ – კობახიძე ტექნიკურ მთავრობაზე

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სახალხო მოძრაობის, „შინ ევროპისკენ“ მოთხოვნები ღარიბაშვილის გადადგომისა და ეროვნული ერთობის მთავრობის [ე.წ. ტექნიკური მთავრობის] შექმნის შესახებ კონსტიტუციური ლოგიკიდან და წესრიგიდან გადახვევაა, რასაც “ქართული ოცნება” არ დაუშვებს. ამის შესახებ მან დღეს, 27 ივნისს “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, კონსტიტუციური წესრიგის თანახმად, მთავრობა საპარლამენტი არჩევნების შედეგად ყალიბდება, 2020 წლის არჩევნებში კი “ქარტულმა ოცნებამ” 90 მანდატი მოიპოვა და “ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ ქვეყანას უნდა მართავდეს “ქართული ოცნება”.

“ახლა ამ კონსტიტუციური ლოგიკიდან და წესრიგიდან გადახვევას გვთავაზობენ. ჩვენ შარშანდელ 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით ვთქვით, რომ გავედით გარკვეულწილად კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მაგრამ ქვეყანას გავუფრთხილდით. იმ მომენტში აუცილებელი იყო და ეს დავუშვით, მაგრამ იქვე ვთქვით, რომ არცერთ შემთხვევაში სამომავლოდ ამას აღარ დავუშვებდით. რა თქმა უნდა, არც მომავალში, არც მოლაპარაკების სახით, არც შეთანხმების სახით და არც, მით უმეტეს, მოვლენების ასეთი განვითარების სახით ჩვენ ამას, ბუნებრივია, არ დავუშვებთ.

რა თქმა უნდა, ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მუშაობა და ფუნქციონირება იმ კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად, რომელიც საქართველოშია დადგენილი და აქედან გადახვევა უბრალოდ გამორიცხულია. ანუ ქვეყანას ჰყავს მთავრობა, რომელმაც ლეგიტიმაცია მიიღო ხალხისგან და ახლა უნდათ ისეთი ხალხის მოყვანა, რომელსაც არ აქვთ სახალხო ლეგიტიმაცია”, – განაცხადა კობახიძემ.

მან სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, “სირცხვილიას” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა მაქარაშვილი და „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური 1990-იანი წლებში ერვოვნული გვარდიის და მხედრიონის ლიდერებს შეადარა და თქვა, რომ სწორედ მათ შექმნეს ტექნიკური მთავრობა, ახლა კი “იგივეს გაკეთება უნდათ მაქარაშვილს, გიგაურს და ლომჯარიას”:

“კონსტიტუციური წესრიგის მიხედვით, ყველა მინისტრი არის პოლიტიკოსი და მას უნდა ჰქონდეს პოლიტიკური ლეგიტიმაცია და სახალხო ლეგიტიმაცია. ამ მთავრობაში, მაგალითად, ლომჯარიას პრემიერობა, როგორც მათ აქვთ წარმოდგენილი, რაზეც უკვე ჰქონდათ საუბარი როგორც ნაცმოძრაობის ლიდერებს, ასევე მათი სატელიტების ლიდერებს, მათ შორის “სირცხვილიას” ლიდერებს და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ სახალხო ლეგიტიმაციის არმქონე ხალხს უნდა ჩაბარდეს ეს ქვეყანა.

ეს არის იმ კონსტიტუციური წესრიგის პირდაპირი დარღვევა, რომელიც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით. ასეთი რაღაცები, ტექნიკური მთავრობა, ეროვნული თანხმობის მთავრობა და ა.შ. როგორც წესი, ხდება ხოლმე ხუნტის მიერ ხელისუფლების გადატრიალების შემდეგ. ანუ აქაც ამჟღავნებენ საკუთარ განზრახვას… რა თქმა უნდა, ყველა დროს შეილება სადღაც რაღაც მოხდეს, მაგრამ სტანდარტული შემთხვევა არის ეს. ჩვენ გვახსოვს ეს 1992 წელს, ვიდრე ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებოდა [თენგიზ] სიგუამ, [ჯაბა] იოსელიანმა და [თენგიზ] კიტოვანმა შექმნეს ტექნიკური მთავრობა, ახლა იგივეს გაკეთება უნდათ მაქარაშვილს, გიგაურს და ლომჯარიას, და, რა თქმა უნდა, იმ წარსულში ვერ დავბრუნდებით, რომელიც იყო 1992 წელს”, – თქვა კობახიძემ.

ამავე თემაზე ნახეთ ვრცლად: ეროვნული თანხმობის ტექნიკური მთავრობა — რას ნიშნავს ეს?

მასალების გადაბეჭდვის წესი