უკრაინაში, პოლტავის ოლქში მდებარე სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო იერიშის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლტავის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, დიმიტრი ლუნინი ავრცელებს.
მისი განცხადებით, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა რუსეთის ფედერაციის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად.
უკრაინული მედიის ცნობით მაშველები განაგრძობენ ცეცხლის ჩაქრობას და ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძიებას.
დღეს, 27 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პოლტავის ოლქში, ქალაქ კრემენჩუკში რუსმა სამხედროებმა ჭურვი ესროლეს სავაჭრო ცენტრს, სადაც ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა.
საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა იური იგნატიმ უკრაინულ გამოცემა “უკრაინსკაია პრავდას” უთხრა, რომ რუსეთმა კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრს X-22 რაკეტით კურსკიდან Tu-22M3 ბომბდამშენიდან დისტანციურად დაარტყა.