ახალი ამბები

„ლელო“ „ოცნებას“ ულტიმატუმს უყენებს

27 ივნისი, 2022 • 846
„ლელო“ „ოცნებას“ ულტიმატუმს უყენებს

პარტია „ლელო – საქართველოსთვის“ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ თუ „ქართული ოცნება“ 3 ივლისამდე წაყენებულ მოთხოვნებს არ დათანხმდება, „ლელოს“ საქმიანობა პარლამენტსა და საკრებულოებში ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ გაგრძელდება.

პარტიაში აღნიშნავენ, რომ 23 ივნისის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველომ დაკარგა შანსი, მიეღო ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი. ამავე დროს, „ლელო“ ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირმა ქართველ ხალხს უთხრა, რომ ხელისუფლების მიერ შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ევროპის კარი ღია რჩება:

„დღეს ჩვენი ვალდებულებაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ 6 თვეში, როდესაც ევროპული საბჭო დაუბრუნდება კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს, საქართველომ მიაღწიოს წარმატებას და დაადგეს ევროკავშირში გაწევრიანების შეუქცევად გზას.

თუ დღეს ჩვენი საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი ვერ იპოვის გამოსავალს შექმნილი კრიზისიდან, საფრთხე, რომ დეპოლარიზაციის ნაცვლად ქვეყანაში გაღრმავდეს განხეთქილება და საქართველომ კიდევ ერთხელ, და შესაძლოა, სამუდამოდ, დაკარგოს ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიული შანსი, რეალურია“, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შესაბამისად, ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად, „ლელოს“ თქმით, პირველი რიგის ამოცანას წარმოადგენს: ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბების პრინციპების დაუყოვნებლივ განსაზღვრა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირება. ამის შემდეგ კი, პარტიაში მიიჩნევენ, რომ საჭიროა სამოქმედო გეგმის დასახვა ევროკავშირის 12-პუნქტიანი მოთხოვნების შესასრულებლად და საგზაო რუკის შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის:

„შესაბამისად, მივმართავთ ,,ქართულ ოცნებას’’, ერთმანეთზე პოლიტიკური თავდასხმის ნაცვლად, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირების პრინციპების განსაზღვრისა და შემდეგ, ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების კონკრეტული ნაბიჯების შესამუშავებლად. აქვე ვაცხადებთ, რომ თუ ,,ქართული ოცნება’ უარს იტყვის ამ ნაბიჯების გადადგმასა და ფართო საზოგადოებრივ კონსულტაციებში ჩართვაზე 3 ივლისამდე, ‘ლელო’ მიიჩნევს, რომ ჩვენი საქმიანობა პარლამენტსა და საკრებულოებში ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ გაგრძელდება“ ,- აცხადებენ „ლელოში“.

„ლელოს“ განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების უზრუნველყოფა სცდება ვიწროპარტიულ ინტერესებს, წარმოადგენს ეროვნულ ამოცანას და მოითხოვს ყველა პოლიტიკური სუბიექტისგან საკუთარ დღის წესრიგზე მაღლა დგომას. პარტიაში ამბობენ, რომ თუ „ქართული ოცნება“ ამ ხედვას არ გაიზიარებს, იგნორირებას გაუკეთებს სამოქალაქო საზოგადოების და ხალხის მოთხოვნებს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მოვლენების შემდგომ განვითარებაზე დაეკისრება სრულად მმართველ გუნდს.

მასალების გადაბეჭდვის წესი