ახალი ამბები

პოლიციაში გამოძიება დაიწყო, „ალტ-ინფოს“ წევრები გამოკითხვაზე დაიბარეს

27 ივნისი, 2022 • 1521
პოლიციაში გამოძიება დაიწყო, „ალტ-ინფოს“ წევრები გამოკითხვაზე დაიბარეს

პრორუსული და ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს. მათ შორის არიან კონსტანტინე მორგოშია და ზურა მახარაძე.

როგორც კონსტანტინე მორგოშია ტელეკომპანია „პირველთან“ აცხადებს, უწყებას კითხვები ჰქონდა მათ მიერ დაწერილ FB-პოსტებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდებოდა თბილისში პრაიდის კვირეულის ჩატარებას. მორგოშიას თქმით, ისინი ძალადობას არ გეგმავენ, თუმცა აცხადებს, რომ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს მარშის ჩატარების შესაძლებლობას არ მისცემენ, რომელიც წელს ისედაც არ არის დაგეგმილი:

„რას ვგეგმავთ, ამ პოსტების შინაარსი განვმარტეთ. მაგალითად, ერთ-ერთი პოსტის შინაარსი იყო ის, რომ წინ აღვუდგებით პრაიდს. ავუხსენით, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ძალადობას. ჩვენ კანონი გვაინტერესებს, მაგრამ ზნეობა უფრო მაღლა გვიყენია, ვიდრე ნებისმიერი კანონი. წინ აღვუდგებით ათიათასობით ადამიანი და ვერ გადაგვივლიან“, – აცხადებს კონსტანტინე მორგოშია.

„ნეტგაზეთი“ ამ საკითხზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება 2 მუხლით მიმდინარეობს კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის 239-ე პრიმა მუხლით, რაც ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდებას გულისხმობს, და სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, მუქარის მუხლებით.

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით 28 ივნისიდან 2 ივლისამდე „პრაიდის კვირეულთან“ დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება. გავრცელებული ინფორმაციით, კვირეული სამი ძირითადი ღონისძიებისგან შედგება. ესენია: ახალი ქართული ქვიარ ფილმის ჩვენება, რეგიონული კონფერენცია, საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და ბელარუსიდან ლგბტქ აქტივისტების მონაწილეობით, პრაიდ ფესტივალი, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო არტისტებს გააერთიანებს. ორგანიზატორების განცხადებით, „ღირსების მარშის“ სახით მსვლელობა წლევანდელი კვირეულის ფარგლებში არ გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი