ახალი ამბები

„სერიოზულად არც აღვიქვამ“, „ანტიკონსტიტუციურია“ – „ოცნება“ ტექნიკურ მთავრობაზე

27 ივნისი, 2022 • 788
„სერიოზულად არც აღვიქვამ“, „ანტიკონსტიტუციურია“ – „ოცნება“ ტექნიკურ მთავრობაზე

„ქართული ოცნების“ წევრები არაკონსტიტუციურს და არასერიოზულს უწოდებენ სახალხო მოძრაობის, „შინ ევროპისკენ“ მოთხოვნას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომისა და ეროვნული ერთობის მთავრობის [ე.წ. ტექნიკური მთავრობის] შექმნის შესახებ.

როგორც „ოცნების“ წევრი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, ასეთი ტიპის განცხადებები მიზნად ისახავს დისონანსის შემოტანას. მისი თქმით, მმართველ გუნდს დასავლელ პარტნიორებთან აქტიური კონსულტაციები აქვს ყველა იმ პირობასთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს წამოუყენა.

„რადიკალურმა ოპოზიციამ ვერასოდეს ვერ დაამთხვია თავისი ინტერესები საზოგადოების ინტერესებს. დღეს, როცა ევროკავშირის აბსოლუტურად ყველა ლიდერმა საქართველოს ევროპულ ოჯახში მიღება და წევრობის პროცესის დასაწყისი მოგვილოცა და 12-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით მხარდაჭერა აღუთქვა, ამ დროს ოპოზიციას სულ სხვა გეგმები აქვს.

12 – პუნქტიანი საკითხის ნაცვლად, საკუთარი 7-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავეს. იმის ნაცვლად, რომ ამ 6 თვის განმავლობაში ხელისუფლება, ოპოზიცია, საზოგადოება ერთად დავდგეთ და ეს პუნქტები მაქსიმალურად შევასრულოთ, რაღაც ე.წ. ტექნიკურ მთავრობაზე საუბრობენ, თითქოს NGO-ს აფუძნებდნენ. რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბება, დააფუძნებს არასამთავრობო ორგანიზაციას და ილაპარაკებს ხალხის სახელით. ჰგონიათ, რომ ხელისუფლებაც ასე კომპლექტდება. ანტიკონსტიტუციური პროცესები უნდათ, რომ კონსტიტუციურად მონათლონ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა,

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ტექნიკური მთავრობის მოთხოვნა ეწინააღმდეგება ევროკავშირის მოთხოვნების სულისკვეთებას.

„ასეთ საკითხებთან დაკავშირებით მიტინგით მანიპულირება არ არის დემოკრატიული და კონსტიტუციური პროცესის თანმხვედრი ნაწილი. მიტინგს შეუძლია თავის აზრი გამოხატოს და პოზიცია დააფიქსიროს, მაგრამ ეს ვერ იქნება ულტიმატუმი[…] ტექნიკური მთავრობა და მთავრობის ცვლილება და არასტაბილურობის შემოტანა ქართულ პოლიტიკაში ევროკავშირის გადაწყვეტილების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება“,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ქართული ოცნების“ წევრი ნინო წილოსანი კი ამბობს, რომ მმართველი გუნდი სერიოზულად არ აღვიქვამს ტექნიკური მთავრობის მოთხოვნას.

„მთავრობის გადადგომაზე, დროებითი მთავრობის შექმნაზე და მსგავს არალეგიტიმურ მოთხოვნებზე ჩვენ არაერთი ფორმატით ვისმენთ გაჟღერებულ წინადადებებს. ახლა „სირცხვილიას“ აქციაზე გაჟღერებული ეს მოთხოვნები არანაირად არ ანიჭებს აღნიშნულ საკითხებს ლეგიტიმაციას და, რა თქმა უნდა, ამას არც სერიოზულად აღვიქვამ. იმედი მაქვს, რომ იქ მდგომი ადამიანებიც სკეპტიკურად უყურებენ.

იმიტომ, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად ჩვენმა ხელისუფლებამ, ყოველ ეტაპზე გადადგა ყველა სათანადო ნაბიჯი, ასევე გადადგამს წლის ბოლომდე იმიტომ, რომ საბოლოდ მივიყვანოთ შედეგამდე“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.


24 ივნისს გამართულ აქციაზე სახალხო მოძრაობის „შინ ევროპისკენ“  წარმომადგენლებმა მთავარი მოთხოვნა წამოაყენეს – ერთი კვირის ვადაში გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც შეასრულებს ევროკავშირის 12 მოთხოვნას, სანამ ზამთარი მოვა“.

„სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა თქვა, რომ 3 ივლისს საქართველოს ყველა რეგიონიდან დაიძვრება ხალხი და პარლამენტთან გაიმართება კიდევ ერთი აქცია.

„და დავრჩებით აქ და არ დავიშლებით, სანამ არ დაიშლება ოლიგარქია!“ — თქვა შოთა დიღმელაშვილმა.

დიღმელაშვილის თქმით, საქართველოს დეოლიგარქიზაცია ვერ მოხდება, თუ არ გადადგება მთავრობა. ასევე, დეოლიგარქიზაციის გარეშე საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი