ახალი ამბები

სტიქია დუშეთში – სოფლები გარესამყაროს მოწყდა

27 ივნისი, 2022 • 1165
სტიქია დუშეთში – სოფლები გარესამყაროს მოწყდა

დუშეთის მუნიციპალიტეტის 18-ვე თემში ძლიერი სტიქიაა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარეებმა დააზიანა შიდა სასოფლო, სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო გზების მონაკვეთები.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის, მანანა ნარიმანიძის განცხადებით, ამჟამად ყველაზე რთული ვითარებაა ჟინვალი-ბარისახო-შატალის ცენტრალურ გზაზე, სადაც გუშინ მოვარდნილმა ღვარცოფმა გზა რამდენიმე ადგილას დააზიანა და ფშავისა და ხევსურეთის სოფლებთან დამაკავშირებელი გზები ჩაიკეტა.

„რიგ მონაკვეთებზე, მდინარის ზემოქმედებით, ჩავარდნილია გზის სავალი ნაწილი. ტერიტორიაზე ჩარჩენილი ტურისტები მოსახლეობამ შეიფარა.

ვცდილობთ ფრენები განვახორციელოთ ტურისტების დუშეთში გადმოსაყვანად, რადგან ბარისახოში, სადაც გზა ოთხ ადგილას სრულად ჩაწყვეტილია, აღდგენა სწრაფად შეუძლებელია.

ნატახტარი-სტეფანწმინდა-ლარსზე იგივე ვითარებაა. 53-ე კილომეტრზე ღვარცოფი მოვარდა, მიწის ვაკისი ჩაშლილია.

ვაკათხევში ხიდი წაიღო. მლეთაში ორი ოჯახის ევაკუაცია მოხდა“, – აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი ნეტგაზეთთან საუბარში.

მისი განცხადებით, რიგ შემთხვევაში მძიმე ტექნიკა ვერ მუშაობს, რადგან მოვარდნილი წყლის დონე ძალიან მაღალია.

მანანა ნარიმანიძის განცხადებით, წარსულში, როცა ფასანაურსა და ხანდოსხევში სტიქია მოხდა, რომელიც დღევანდელ სტიქიაზე 10-ჯერ მცირე მასშტაბის იყო, ზარალმა მილიონ შვიდასი ათასი ლარი შეადგინა. შესაბამისად, ის ვარაუდობს, რომ ამჟამად გაცილებით მეტი იქნება ზარალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი