ახალი ამბები

სტიქიამ რუსეთთან დამაკავშირებელი გზა დააზიანა, მოძრაობა შეწყვეტილია

27 ივნისი, 2022 • 1165
სტიქიამ რუსეთთან დამაკავშირებელი გზა დააზიანა, მოძრაობა შეწყვეტილია

ძლიერი წვიმის და უხვი ნალექის გამო, გვიან ღამით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე (ნეიტრალური ზონა), მდინარე თერგის ადიდების შედეგად, გზის 80 მ-მდე მონაკვეთი დაზიანდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები სტიქიის ზონაში იმყოფებიან და ადგილზე სწავლობენ არსებულ მდგომარეობას, რათა გზის აღდგენა უმოკლეს ვადებში მოხდეს. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკაც და ადიდებული მდინარის დონის დაწევისთანავე დაიწყება გზის აღდგენის სამუშაოები.

შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე, რუსეთის საზღვრის სიახლოვეს, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

სტეფანწმინდამდე მოძრაობა თავისუფალია.

მასალების გადაბეჭდვის წესი