ახალი ამბები

აშშ-ში აბორტის კონსტიტუციური უფლება გაუქმდა

25 ივნისი, 2022 • 692
აშშ-ში აბორტის კონსტიტუციური უფლება გაუქმდა

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, შტატებს ინდივიდუალურად ექნებათ აბორტის აკრძალვის ან გარკვეული შეზღუდვების დაწესების უფლება. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გუშინ, 24 ივნისს მიიღო.

მანამდე ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში აბორტის გაკეთება ქალების კონსტიტუციური უფლება იყო, თუმცა აღნიშნული ცვლილების შემდეგ კონკრეტულ შტატს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, რომ აბორტების გაკეთება 3 თვემდეც აიკრძალოს. თუმცა, ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ აშშ-ის ყველა შტატში ავტომატურად ერთმევათ ქალებს 3 თვემდე აბორტის გაკეთების შესაძლებლობა.

CNN-ის ცნობით, თეთრი სახლი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აბორტის უფლების უზრუნველყოფისთვის “გამოსავლის ძიებას გააგრძელებს”. კერძოდ, თეთრი სახლის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები ქალებისთვის აბორტის აბების ხელმისაწვდომობის გარანტირებისთვის. ასევე იმისთვის, რომ ქალებმა, რომლებიც იმ შტატში ცხოვრობენ, სადაც აბორტი აკრძალულია, სხვაგან შეძლონ მისი გაკეთება.

“პრეზიდენტი გამოსავლის ძიებას განაგრძობს, ის გეგმავს წამყვან ჯგუფებთან და იურიდიულ ექსპერტებთან საუბარს იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას საკუთარი უფლებების ფარგლებში. ის არ აპირებს გაჩერებას”, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.


საქმეზე „Roe v Wade“ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 1973 წელს ქალებს მიანიჭა აბორტის აბსოლუტური უფლება ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში და შეზღუდული უფლება ორსულობის მეორე ტრიმესტრში.

იმავე სასამართლომ 1992 წელს საქმეზე Planned Parenthood v Casey დაადგინა, რომ შტატებს არ შეუძლიათ „შეუსაბამოდ მძიმე ტვირთი“ დააკისრონ ქალებს, რომლებსაც სურთ აბორტის გაკეთება ორსულობის 24-ე კვირამდე.

ამავე თემაზე ნახეთ ვრცლად:

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ შესაძლოა, აბორტის უფლების გაუქმებას დაუჭიროს მხარი

მასალების გადაბეჭდვის წესი