ახალი ამბები

უკრაინა და საქართველო ერთად მუდამ — ზელენსკის მიმართვა აქციის მონაწილეებს

24 ივნისი, 2022 •
უკრაინა და საქართველო ერთად მუდამ — ზელენსკის მიმართვა აქციის მონაწილეებს

თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციის “შინ ევროპისკენ” მონაწილეებს სიტყვით უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა.

აქციაზე უკრაინულენოვანი მიმართვის თარგმანი წაიკითხეს, რომელსაც “ნეტგაზეთი” უცვლელად გთავაზობთ:

“გამარჯობა, საქართველო!

მინდა, რომ დღეს ჩემი ყველამ გაიგოს. ჩვენ თავისუფალი  ადამიანები და თავისუფალი ქვეყანა ვართ და ეს სამუდამოა. მადლობელი ვარ საქართველოს შვილების, რომლებიც ჩვენს მებრძოლებთან ერთად რუსების წინააღმდეგ იბრძვიან.

მათი წარმატება ჩვენი საერთო წარმატებაა. მათ ჭრილობა ჩვენი ჭრილობაა და ჩვენი გამარჯვება თითოეული მათგანის გამარჯვება იქნება, ასევე, ყოველი თქვენგანის.

ჩვენ არასოდეს დავნებდებით, რადგან დონბასი და ყირიმი ჩვენი მიწაა, ისევე როგორც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონია თქვენი.

თუ ვინმეს უნდა, ეს დაივიწყოს, თუ ვინმეს უნდა, ეს წაშალოს, აუცილებლად შევახსენებთ, რომ ჩვენ თქვენთან ვიქნებით.

გუშინ უკრაინამ ევროკავშირში გასაწევრიანებლად კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო. თქვენ ამ გზაზე ხართ. იარეთ, ჩვენ დაგეხმარებით.

უკრაინა და საქართველო ერთად მუდამ. დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას.

მართალია, ჩემი ქართული იდეალური არა რის, თუმცა ჩემი გრძნობა თქვენ მიმართ გულწრფელია. წარმატებას გისურვებთ, დიდება უკრაინას!”

გუშინ, 23 ივნისს, ევროპულმა საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც უკრაინას და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ თანმხლები პირობებით, საქართველოს კი არა. სამივე ქვეყნის შემთხვევაში ევროპულმა საბჭომ მათი ევროპული პერსპექტივა აღიარა.

დღევანდელი აქციის ორგანიზატორთა თქმით, “საქართველოს ევროპული არჩევანი ქართველმა ხალხმა უნდა დაიცვას”.

აქციაზე წაიკითხეს მოთხოვნების სია, რომელთა შორისაა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი გადადგომა 1 კვირის ვადაში და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა.

„სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა თქვა, რომ 3 ივლისს საქართველოს ყველა რეგიონიდან დაიძვრება ხალხი და პარლამენტთან გაიმართება კიდევ ერთი აქცია.

„და დავრჩებით აქ და არ დავიშლებით, სანამ არ დაიშლება ოლიგარქია!“ — თქვა შოთა დიღმელაშვილმა.

“შინ ევროპისკენ” — პარლამენტთან აქცია დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი