ახალი ამბები

ვაანონსებ სამოქალაქო მოძრაობას “ექიმები ევროპისკენ” — პედიატრი ლალი ჯანაშია

24 ივნისი, 2022 • 3064
ვაანონსებ სამოქალაქო მოძრაობას “ექიმები ევროპისკენ” — პედიატრი ლალი ჯანაშია

“მე მრცხვენია, რომ 2022 წელს ვდგავარ იმავე ადგილას, სადაც დავდექი პირველკურსელი გოგონა 1988 წელს და მე მრცხვენია, რომ ეს არასდროს დამთავრდა”, — მიმართა პედიატრმა ლალი ჯანაშიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციის “შინ ევროპისკენ” მონაწილეებს.

ჯანაშიამ, რომელიც დემონსტრაციას კოლეგებთან ერთად შეუერთდა, ახალი სამოქალაქო მოძრაობის შექმნა დააანონსა.

“სპონტანურად, ჩვენ, ჩემმა მეგობრებმა, ადამიანებმა, რომელთაც 2 წელია არ გვიძინია, რომლებიც 48-საათიან მორიგეობებს ვაძლევდით კოვიდ კლინიკებში, მერე ონლაინ ვემსახურებოდით ადამიანებს, გადავწყვიტეთ, რომ დავდგეთ იქ, სადაც უნდა იდგეს დღეს მთელი ერი.

ვერავინ დედამიწაზე, ვერც ერთი პრემიერ-მინისტრი, ვერც ერთი მინისტრი შეცვლის იმ გზას, რომელსაც მე დავადექი 1988 წელს, და ვერც იმას, რომ 1989 წლის 8 აპრილს მე ჩემს [კოლეგებთან], დათო სიხარულიძესთან, მამუკა იოსელიანთან, დავით ხიტირთან ერთად, აი, აქ დავწვი კომკავშირის ბილეთი. მე თქვენ იქ ვერასოდეს დამაბრუნებთ.

ამიტომ მე დღეს ვაანონსებ ჩემი მეგობრების მხრებზე, მათი თანხმობით, სამოქალაქო მოძრაობას “ექიმები ევროპისკენ” და გთხოვთ, ჩემი, ლალი ჯანაშიას ფეისბუქ გვერდი, ასევე, [ქირურგის] ბატონ ლევან ფერაძის [ფეისბუქ გვერდი]… ღიაა თქვენთვის დამატებითი დეტალებისთვის.

რაღაც გავაკეთოთ, ჩვენი შვილებისთვის, ჩემი პატარა პაციენტების მომავლისთვის… მინდა, რომ თქვენმა შვილებმა ევროპაში იცხოვრონ, ევროპაში ისწავლონ, ევროპული განათლება მიიღონ, მინდა, რომ ეს ქვეყანა ქვეყანას ჰგავდეს. უსაზღვროდ მიყვარხართ და მზად ვარ, გემსახუროთ”, — დასძინა ლალი ჯანაშიამ.

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პარლამენტთან  აქცია იმართება სამოქალაქო მოძრაობებისა და არასამთავრობოების ორგანიზებით.

შეკრების ორგანიზატორთა თქმით, “საქართველოს ევროპული არჩევანი ქართველმა ხალხმა უნდა დაიცვას”.

გუშინ, 23 ივნისს, ევროპულმა საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც უკრაინას და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ თანმხლები პირობებით, საქართველოს კი არა. სამივე ქვეყნის შემთხვევაში ევროპულმა საბჭომ მათი ევროპული პერსპექტივა აღიარა.

“შინ ევროპისკენ” — პარლამენტთან აქცია დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი