საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, დამსახურებული მიღწევაა. ამის შესახებ მან დღეს, 24 ივნისს, გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
“როგორც თავად ჩვენმა ევროპელმა ლიდერებმა, პარტნიორებმა და ჩვენმა მეგობრებმა აღნიშნეს, გუშინ იყო მართლაც ისტორიული დღე. საქართველომ, ჩვენმა ქვეყანამ, მიიღო ის, რაც დავიმსახურეთ. ეს არის დამსახურებული მიღწევა. ევროპული პერსპექტივა მიენიჭა ჩვენს ქვეყანას დამსახურებულად და, რა თქმა უნდა, თქვენ ნახეთ, რომ პირდაპირ, ღიად და საჯაროდ ჩაიწერა, რომ რეალურად ევროპამ კარი გაუხსნა ჩვენს ქვეყანას. ეს არის აღიარება ჩვენი ხალხის ევროპული იდეალებისადმი მისწრაფების, ერთგულების, ჩვენი შეუპოვრობის, პრინციპულობის, ბრძოლის და ჩვენი მთავრობის 10-წლიანი მუშაობის აღიარებაც.
ჩვენ მოვისმინეთ მათი შეფასება, რომ ევროპული პერსპექტივის მინიჭებით რეალურად ჩვენს ქვეყანას სამუდამოდ გაუხსნეს კარი ევროპაში და პირდაპირ ჩაიწერა, რომ ქვეყანას ევროპული პერსპექტივა მიენიჭა იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ეს ნამდვილად არის დამსახურებული მონაპოვარი და მე ვულოცავ ქართველ ხალხს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გუშინ, 23 ივნისს, ევროპულმა საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც უკრაინას და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ თანმხლები პირობებით, საქართველოს კი არა. სამივე ქვეყნის შემთხვევაში ევროპულმა საბჭომ მათი ევროპული პერსპექტივა აღიარა.








