ახალი ამბები

კატინის გზაზე

10 აპრილი, 2010 • 1865
კატინის  გზაზე

პოლონეთის პრეზიდენტი და მისი ქვეყნის სხვა მაღალჩინოსნები სამღვდელოების წარმომადგენებთან ერთად მაშინ დაიღუპნენ, როცა კატინისკენ მიფრინავდნენ – 1940 წელს  საბჭოთა ხელისფლების მიერ დახვრეტილ პოლონელთა პატივის მისაგებად.  კომისიას, რომელმაც თვითმფრინავის ჩამოვადნის მიზეზი უნდა გამოარკვიოს, რუსეთის პრემიერ მინისტრი ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობს.

სმოლენსკის ოლქში, სადაც 10 აპრილს პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი ჩამოვარდა,  კატინის ტყეა, სადაც დაახლოებით, 4000 ადამიანია დასაფლავებული.

პოლონელი  ოფიცრები ნაცისტურ გერმანიასთან ხელმოწერილი მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შემდეგ, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა ეროვნული კომისიარიატის ხელში აღმოჩნდნენ. მთლიანობაში 22.000 ადამიანი დახვრიტეს. ყველაზე მეტი კატინშია დაკრძალული. პოლონელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სტალინიზმის დანაშაულის აღიარების მოუხედავად, რეპრესიების ფაქტი რუსეთმა აქამდე არასაკმარისად გამოიძია.

კაჩინსკი 10 აპრილს სწორედ აქ მიფრინავდა მეუღლესთან, პოლონეთის პარლამენტის წევრებთან, საეკლესიო პირებთან ერთად, რათა პატივი მიეგო დახვრეტილ პოლონელთა ხსნოვნისთვის.  

თვითმფრინავი ტუ-154 სმოლენსკის აეროპორტიდან 2 კილომეტრის მოშორებით ჩამოვარდა.  საპრეზიდენტო ეკიპაჟის  132-ვე წევრი ავიაკატასტროფის დროს დაიღუპა.

სმოლენსკის რეგიონულმა გუბერნატორმა სერგეი ანტუფიევმა რუსულ ტელევიზიებს უთხრა, რომ კატასტროფა მაშინ მოხდა, როცა თვითმფრინავი დასაშვებად ემზადებოდა, როცა ის ხეებში გაიხლართა, შემდეგ მიწაზე დაენარცხა და ნაწილებად დაიშალა.

“მტვრევისა და ყრუ დაცემის ხმა გავიგე. შემდეგ ცეცხლის ორი ალი ერთმანეთს მიჰყვა“, – უთხრა BBC-ს პოლონეთის ტელევიზიის თანამშრომელმა სლავომირ ვიშნიევსკიმ. კატასტროფა მის სასტუმროსთან ახლოს მოხდა.

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მგზავრებმა იცოდნენ, რომ კატასტროფის წინაშე იდგნენ.

“პილოტს ურჩიეს (სმოლენსკის საჰაერო სივრცეში ნისლის გამო)  მინსკში დაშვებულიყო, მაგრამ სმოლენსკში გადაწყვიტა დაშვება“, – თქვა ანდრეი იევსენკოვმა, სმოლენსკის რეგიონის გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსმა.

უკვე ნაპოვნია შავი ყუთი, რომელიც ინახავს ინფორმაციას იმაზე, თუ რა ხდებოდა თვითმფრინავზე ბოლო წუთებში, რა სიმაღლეზე დაფრინავდა და რას საუბრობდნენ პილოტები. ყუთს ის საგამოძიებო კომისია შეისწავლის,  რომელმაც ავიაკასტროფის მიზეზები უნდა დაადგინოს. კომისიას რუსეთის პრემიერ მინისტრი ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობს. თუმცა, პოლონეთმა უკვე გადაწყვიტა ჩაერთოს გამოძიებაში.

თვითმფრინავი, რომლითაც პრეზიდენტი კაჩინსკი დაფრინავდა რუსული წარმოების ტუ 154 -ია.

საბჭოთა კავშირმა თავის დროზე 1000 ასეთი თვითმფრინავი გამოუშვა. ამჟამად ზოგი რუსეთს ემსახურება და ზოგი – ყოფილი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს. 

რუსული ავიაციის ექსპერტმა პოლ დაფმა შეაფასა ეს თვითმფრინავი BBC-სთვის.

ამ თვითმფრინავებიდან 28 კატასტროფაში მოხვდა. დაფის აზრით, ეს ნორმალური მაჩვენებლია, თუ გავითვალისწინებთ მათი ცვეთის პერიოდს და ტექნოლოგიის ტიპს. მათგან ზოგი კი ტექნიკური დაუხვეწაობის გამო მოხვდა კატასტროფაში.

თუკი დადგინდა, რომ ავიაკატასტროფა უამინდობის ან პილოტების გამო მოხდა, პოლონეთმა უნდა გამოარკვიოს, რატომ დაფრინავდა პრეზიდენტი დღემდე ამ თვითმფრინავით.

ამ საკითხზე პოლონეთში ბოლო წლებში სულ მიდიოდა დისკუსია. ექსერტები პრეზიდენტს თვითმფრინავის გამოცვლას ურჩევდნენ.

პოლონეთში ერთკვირიანი გლოვაა გამოცხადებული. პოლონეთის პრეზიდენტის პრესპიკერმა უკვე გააკეთა განცხადება ვადამდელ არჩევნებზე. პოლონეთის კონსტიტუციის მიხედვით, არჩევნების თარიღი 2 კვირაში უნდა გამოცხადდეს, ხოლო არჩევნები 2 თვეში ჩატარდეს.

მსოფლიოს ლიდერებმა მიუსამძიმრეს პოლონეთს 10 აპრილის ტრაგედია.

კრაკოვში,  ზიგმუნდის საკათედრო ტაძარში დღეს რეკავს პოლონეთის ზარი “ზიგმუნდ”.

იგი რეკავს პოლონეთის ცხოვრების მხოლოდ განსაკუთრებულ მომენტებში. ბოლოს წინა “ინფორმაცია ზიგმუნდისაგან” პოლონეთის ევროკავშირში გაწევრიანება იყო. ბოლოს კი 5 წლის წინ რეკავდა როცა იოანე პავლე II გარდაიცვალა.

საქართველოში, ამ ავიაკატასტროფის გამო,  პრეზიდენტმა სააკაშვილმა  11 აპრილი გლოვის დღედ გამოაცხადა.

“საქართველომ დაკარგა ყველაზე დიდი მეგობარი საერთაშორისო თანამეგობრობაში, პოლონეთმა და ევროპამ დაკარგა დიდი პოლიტიკოსი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 10 აპრილს და სიკვდილის შემდეგ კაჩინსკის საქართველოს ეროვნული გმირის წოდების მინიჭების შესახებ განკარგულება გასცა.

პოლონეთს სამძიმარი პრეზიდენტამდე საქართველოს მთავრობის წევრებმაც გამოუცხადეს.

“ლეხ კაჩინსკი ქართველი ხალხის ძალიან დიდი მეგობარი იყო. გავიხსენებ, როგორ ედგა ის საქართველოს გაჭირვების დროს მხარში, როდესაც რუსული ტანკები საქართველოში შემოდიოდნენ. მისი ინიციატივით, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების პრეზიდენტები საქრთველოში ჩამოვიდნენ, მიუხედავად რუსეთის მუქარისა“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, გიორგი ბარამაძემ.

გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, გოგა ხაჩიძე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ავიაკატასტროფა, რომლის დროსაც პოლონეთის პრეზიდენტი, ყოფილი პრეზიდენტი და პოლონეთის მთავრობის სხვა წერვები დაიღუპნენ , ასე შეაფასა:

“მე არ მახსენდება შემთხვევა, რომ ევროპული ქვეყნის პრეზიდენტი მსგავს ვითარებაში დაღუპულიყო. ყველაფერს გამოძიება დაადგენს. რამდენიმე ფაქტორი კი ახლავე შეიძლება ითქვას. რუსეთის სამხედრო ბაზაზე რუსული თვითმფრინავი ჩამოვარდა და რუსულ საგამოძიებო კომისიას რუსეთის პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. ამით უკვე გაურკვეველი სიტუაცია იქმნება”.

საგანგებო რეჟიმში მუშაობდა დღეს პოლონეთის საელჩო საქართველოში. განცხადება ელჩმა გააკეთა და თქვა, რომ გამოძიებაზე რუსულ მხარესთან ერთად პოლონეთიც იმუშავებს.

საქართველოს მოქალაქეები საელჩოს შენობასთან დღის 6 საათზე შეიკრიბნენ და პოლონელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადეს.

 

ამავე თემაზე:

ამინდის პროგნოზი ავიაკატასტროფის დროისთვის

ლეხ კაჩინსკიზე

ირაკლი ალადაშვილი:TU-154 მოძველებული თვითმფრინავია

იცოდა თუ არა კაჩინსკიმ, რომ დაიღუპებოდა?

პოლონეთის საელჩოსთან თბილისში 6 საათზე მოქალაქეები შეიკრიბებიან

პოლონეთში გაიმართება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები

ავიაკატარასტორფაში დაღუპულ პირთა სია

ლეხ კაჩინსკი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

ქართული მხარე ლეხ კაჩინსკის გარდაცვალებაზე

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი