ახალი ამბები

მოლდოვამ და უკრაინამ სტატუსისთვის საკმარისად იშრომეს, საქართველომაც ასეთი სამუშაო უნდა გასწიოს – რუტე

23 ივნისი, 2022 •
მოლდოვამ და უკრაინამ სტატუსისთვის საკმარისად იშრომეს, საქართველომაც ასეთი სამუშაო უნდა გასწიოს – რუტე

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ ნიდერლანდები ეთანხმება ევროკომისიის დასკვნას და ფიქრობს, რომ უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოზე მეტი გააკეთეს.

მისი თქმით, საქართველომ ბევრი უნდა იმუშაოს, რათა კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს [ევროინტეგრაციისადმი] მისწრაფებას. ვფიქრობ, დავეთანხმებით ევროკომისიას, რომელიც ამბობს, რომ მოლდოვისთვის, უკრაინისთვის და საქართველოსთვის მკაფიო ევროპული პერსპექტივა არსებობს, თუმცა სამივეს ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო. განსაკუთრებით საქართველოს, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. [ამბობს] რომ მოლდოვამ და უკრაინამ საკმარისი იშრომეს კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ასეთივე სამუშაო არის გასაწევი საქართველოს მიერ. მაგრამ ევროპული პერსპექტივა და ამბიციები მკაფიოდაა აღნიშნული და ჩვენ ვიმუშავებთ, რომ დავეხმაროთ საქართველოს, მივიდეს იმ დონემდე, როცა შევძლებთ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

კითხვაზე, რატომ არ აძლევენ საქართველოს კანდიდატის სტატუსს დღეს, რუტემ უპასუხა, რომ ევროკომისიის დასკვნას ეთანხმება:

“ერთის მხრივ, უკრაინასა და მოლდოვაზე ამბობს, რომ მეტი პროგრესი განიცადეს, საკმარისი, რომ მივსულიყავით სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებამდე, თუმცა მოლაპარაკებების დასაწყებად ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. და შეგვიძლია ვთქვათ, საქართველო ერთი ნაბიჯით უკანაა იმ გაგებით, რომ მას აქვს დიდი პოტენციალი კანდიდატის სტატუსისთვის. თუმცა მის შემთხვევაში ჭიქა ნახევრად სავსეა და არა ცარიელი. ვიმედოვნებ, რომ ქართველი ხალხი გაიგებს ევროპის მკაფიო ძალისხმევას, რომ ცნობს მის ევროპულ ამბიციებს და ასევე ეუბნება, რომ კიდევ ცოტა მეტი უნდა გაკეთდეს”, – განაცხადა მარკ რუტემ.

22 ივნისს ევროპარლამენტში გაიმართა დებატები ევროპული საბჭოს დეგეგმილ სხდომასთან დაკავშირებით, რომელიც 23-24 ივნისს გაიმართება. ევროპარლამენტში გამომსვლელების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ევროკომისიის დასკვნას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკრაინისა და მოლდოვისთვის, ხოლო საქართველოსთვის — როგორც კი ის დააკმაყოფილებს აუცილებელ პირობებს.

ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თანმხლები პირობებით, ხოლო საქართველოს შემთხვევაში წარმოადგინა წინაპირობები, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს სტატუსის მიღებამდე. ევროკომისია ასევე აღიარებს სამივე ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

მასალების გადაბეჭდვის წესი