ახალი ამბები

მარკ რუტემ ნატო-ს გენმდივნის პოსტი ოფიციალურად დაიკავა

1 ოქტომბერი, 2024 •
მარკ რუტემ ნატო-ს გენმდივნის პოსტი ოფიციალურად დაიკავა

დღეიდან მარკ რუტემ ოფიციალურად დაიკავა ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობა.

იენს სტოლტენბერგმა, რომელიც 10 წლის განმავლობაში იკავებდა ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობას, რუტეს პოსტი გადააბარა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საგანგებო სხდომაზე. მანამდე რუტემ და სტოლტენბერგმა გვირგვინით შეამკეს ალიანსის მისიებში დაღუპულთა მემორიალი.

ალიანსის ახალმა გენერალურმა მდივანმა დაასახელა მისი სამი პრიორიტეტი:

„პირველი — შევინარჩუნოთ ნატო ძლიერი და უზრუნველვყოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ეფექტურობა და სანდოობა ყველა საფრთხის წინააღმდეგ. ჩემი მეორე პრიორიტეტია უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის გაძლიერება და ნატოსთან მიახლოება, რადგან ევროპაში არ შეიძლება იყოს მდგრადი უსაფრთხოება ძლიერი, დამოუკიდებელი უკრაინის გარეშე. მესამე პრიორიტეტია ჩვენი პარტნიორობის გაძლიერება უფრო ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში“, — განაცხადა რუტემ.

გამოსამშვიდობებელ სიტყვაში იენს სტოლტენბერგმა შეაქო მარკ რუტეს პრაგმატიზმი და კონსენსუსის შექმნის უნარი, თუმცა თქვა, რომ ის არ წავა კომპრომისზე, როცა საქმე ალიანსის ღირებულებებსა და პრინციპებს ეხება.

მარკ რუტეს ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავება მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმაც.

ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ 26 ივნისს ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს ნატოს მომავალ გენერალურ მდივნად დანიშვნის შესახებ.

57 წლის მარკ რუტე 2010 წლიდან იყო ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი. ის წარმოადგენს სახალხო პარტიას თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის (VVD), რომელიც ლიბერალური Renew Europe-ის ევროპულ ოჯახში შედის.

წლევანდელამდე, რუტეს მთავრობის პირობებში, ნიდერლანდები არ ხარჯავდა თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს თავდაცვაზე, რაც ალიანსის დეკლარირებულ ამოცანას წარმოადგენს.

მარკ რუტე მხარს უჭერდა უკრაინის შეიარაღებას, მათ შორის ჰოლანდიური „ჰაუბიცებისა“ და მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების ჩათვლით.

რუტე წლების განმავლობაში აკრიტიკებდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. ბოლოს და ბოლოს, რუსეთი, ალბათ, ნაწილობრივ მაინც იყო პასუხისმგებელი 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინის თავზე MH-17-ის ჩამოგდებაზე. თითქმის 300 ადამიანი, უმეტესობა ჰოლანდიის მოქალაქე, დაიღუპა მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნისას ამსტერდამიდან კუალა ლუმპურის მიმართულებით მიმავალ გზაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი