ახალი ამბები

წნორის ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარებს სხვაგან გადავიყვანთ – ზრუნვის სააგენტო

23 ივნისი, 2022 • 618
წნორის ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარებს სხვაგან გადავიყვანთ – ზრუნვის სააგენტო

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს აცხადებს, რომ სახალხო დამცველის მიმართვის შემდეგ, წნორის ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარებს სხვაგან გადაიყვანენ.

„სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება წნორის ხანდაზმულთა სახლის ა(ა)იპ „ხანდაზმულთა სავანე ბეთელში“ სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაზე. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე, სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი ადგილზე ეცნობა არსებულ მდგომარეობას და ხანდაზმულთა საჭიროებებს“, – წერია ზრუნვის სააგენტოს გავრცელებულ განცხადებაში.

„ბენეფიციართა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის გათვალისწინებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება მათი უმოკლეს ვადაში ალტერნატიულ სერვისში გადაყვანასთან დაკავშირებით“, – აცხადებს სააგენტო. უწყებას განცხადებაში არ დაუზუსტებია, სად და ზუსტად რა ვადებში გადაიყვანენ ბენეფიციარებს.


სახალხო დამცველი აცხადებს, რომ კახეთში, წნორში მდებარე ხანდაზმულთა სახლის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ იქაური ბენეფიციარები მძიმე ანტისანიტარიულ პირობებში იმყოფებიან, მათი ჯანმრთელობა უგულებელყოფილია და ღირსებისშემლახავ პირობებსა და შიშში აცხოვრებენ.

წნორის ხანდაზმულთა სახლი სათემო ორგანიზაციაა, სადაც განთავსებულია 21 ხანდაზმული, მათგან 17 ბენეფიციარის მომსახურებას სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო“ აფინანსებს (ამასთან, 2 პირს მუნიციპალიტეტი აფინანსებს და ორი თვითდაფინანსებაზეა).

ვრცლად ამ თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი