ახალი ამბები

„ღირსებაშემლახავი მოპყრობა, ანტისანიტარია“ – რა ხდება წნორის ხანდაზმულთა სახლში

23 ივნისი, 2022 • 462
„ღირსებაშემლახავი მოპყრობა, ანტისანიტარია“ – რა ხდება წნორის ხანდაზმულთა სახლში

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ კახეთში, წნორში მდებარე ხანდაზმულთა სახლის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ იქაური ბენეფიციარები მძიმე ანტისანიტარიულ პირობებში იმყოფებიან, მათი ჯანმრთელობა უგულებელყოფილია და ღირსებისშემლახავ პირობებსა და შიშში აცხოვრებენ.

წნორის ხანდაზმულთა სახლი სათემო ორგანიზაციაა, სადაც განთავსებულია 21 ხანდაზმული, მათგან 17 ბენეფიციარის მომსახურებას სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო“ აფინანსებს (ამასთან, 2 პირს მუნიციპალიტეტი აფინანსებს და ორი თვითდაფინანსებაზეა).

შესაბამისად, სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ სახელმწიფო პასუხისმგებელია ხანდაზმულთა საცხოვრებელი მდგომარეობის მონიტორინგზე, ასევე, ხანდაზმულთათვის სერვისის მიმწოდებლის მხრიდან სათანადო პირობების უზრუნველყოფაზე.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა კი გამოავლინა, რომ ბენეფიციარები:

  • „მძიმე ანტისანიტარულ პირობებში იმყოფებიან.
  • მთელ შენობაში გაუსაძლისი, მძაფრი სუნი დგას.
  • ყურადღება არ ექცევა ბენეფიციარების ჰიგიენას.
  • უმეტესობას ძველი, დახეული და ჭუჭყიანი ტანსაცმელი აცვია.
  • დაწესებულება არ უზრუნველყოფს პირადი ჰიგიენის საშუალებებს და პირადი ჰიგიენის დაცვაში მხარდაჭერას.
  • ბენეფიციართან გასაუბრებისას გაირკვა, რომ მათ არ აქვთ ბანაობის შესაძლებლობა“.

„ერთ-ერთი ხანდაზმულის განცხადებით, მიმდინარე წელს მას საერთოდ არ უბანავია“, – წერს სახალხო დამცველი

ამასთან, სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ ხანდაზმულთა სახლს არ აქვს ადეკვატური ინფრასტრუქტურა – იქ არის მხოლოდ ერთი სააბაზანო ოთახი, რომელიც განკუთვნილია ყველა ბენეფიციარისთვის, სველ წერტილებში კი „საშინელი ანტისანიტარიაა“.

დაწესებულებას არ ჰყავს ექიმი, არსებული მცირე სამედიცინო დოკუმენტაცია არასრულია და უგულებელყოფილია ხანდაზმულთა ჯანმრთელობის დაცვა.

„შემაშფოთებელ ანტისანიტარულ მდგომარეობასთან ერთად, დაწესებულებას არ აქვს წინასწარ, სპეციალისტის მიერ შედგენილი, ხანდაზმულთა საჭიროებებზე მორგებული კვების მენიუ. შესაბამისად, მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა ვერ შეძლეს საკვების კვებითი ღირებულების შეფასება“, – აცხადებს ომბუდსმენი.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დაწესებულების პერსონალს არ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, კერძოდ, არ აქვთ გავლილი ხანდაზმულთა მოვლისთვის აუცილებელი ტრენინგები.

„ყურადსაღებია, რომ დაწესებულებას არ ჰყავს კაცი მომვლელი, რომელიც უზრუნველყოფდა კაცი ბენეფიციარების მოვლას ისე, რომ არ შელახულიყო ხანდაზმულთა ღირსება. უნდა აღინიშნოს, რომ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალის ანაზღაურება ყველაზე დაბალია, სახალხო დამცველის აპარატის მიერ შემოწმებულ და შესწავლილ სხვა ხანდაზმულთა სახლებთან შედარებით“.

სახალხო დამცველი შემაშფოთებელს უწოდებს დაწესებულების ადმინისტრაციის სტიგმით განპირობებულ სტერეოტიპულ დამოკიდებულებას ზოგიერთი ხანდაზმულის მიმართ.

„სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა მიერ ზემოთ აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნაზე ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა – ხანდაზმულს იმისათვის, რომ ღირსება შეელახოს, უნდა ჰქონდესო“, – წერია ანგარიშში.

განცხადების თანახმადვე, იკვეთება ხანდაზმულთა დიფერენცირება მათი როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური ჯანმრთელობის მიხედვით, რაც „აღვივებს ბენეფიციართა შორის დაპირისპირებასაც“.

„შესამჩნევია ადმინისტრაციის მიმართ შიში და უნდობლობა. ადმინისტრაციის თანდასწრებით ხანდაზმულები არ გამოთქვამდნენ წუხილს და ერიდებოდნენ მათთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე საუბარს. ხოლო მარტო დარჩენის შემთხვევაში, მონიტორინგის ჯგუფთან აფიქსირებდნენ დაწესებულებაში ცხოვრების გამოწვევებს“, – წერს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველის თანახმად, წნორის ხანდაზმულთა სახლის (ა(ა)იპ „ხანდაზმულთა სავანე ბეთელის“) მონიტორინგის 2022 წლის 17 ივნისს განახორციელა სახალხო დამცველის აპარატის 2-მა თანამშრომელმა ერთ ექიმთან და ერთ ფსიქოლოგთან ერთად.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ უკვე მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოს და მოუწოდა, „მყისიერად მოახდინოს რეაგირება ზემოაღნიშნულ დარღვევებზე და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დაწესებულებაში მყოფი ხანდაზმულების გადაყვანა სხვა დაწესებულებებში, სადაც მათ ღირსეული პირობები ექნებათ“.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტროსა და ზრუნვის სააგენტოს. უწყებების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი